საოკუპაციო ხაზი

თავდაცვის კომიტეტმა ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა განაახლა

0 კომენტარი
ფოტო: smo.ge

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა განაახლა. მოქმედი კანონმდებლობით, საოკუპაციო ხაზის უკანონოდ პირველადი გადაკვეთის შემთხვევაში მოქალაქის მიმართ იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა. 2013 წელს წარდგენილი კანონპროექტი კი, უკანონოდ პირველად გადაკვეთის შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, მხოლოდ მეორედ გადაკვეთის შემთხვევაში დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

"ეს არის 2013 წლის კანონპროექტი, პაატა ზაქარეიშვილი იყო ამის ლობისტი, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ იყოს და იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პირველ ჯერზე. ეს არაფრით არ არის დასაბუთებული და ამ შემთხვევაში მხარს უჭერენ ამის გაგრძელებას. აქ ძალიან კარგად ჩანს ხელისუფლების პრიორიტეტები. რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ვიბრძოლებთ, რომ საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან, სენსიტიურ საკითხზე", - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ოთარ კახიძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი სოფიო კილაძე საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს და ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

"საკითხი ჯერ არ გადაგვიწყვიტავს. კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში მე-9 მოწვევის პარლამენტის ფარგლებში. ეს არ არის გადაწყვეტილება, ეს უბრალოდ არის მსჯელობის საგანი. ჩემს პოზიციას ამ ჯერზე ვერ დავაფიქსირებ", - ამბობს კილაძე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, "უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით" ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. ხოლო საზღვრის არაერთგზის გადაკვეთა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები