გადასახადები

პრემიერი: თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და ავტომობილებზე აქციზი გაძვირდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს მთავრობა 2017 წელს ყველა გადასახადის გაზრდას გეგმავს, რისი გაზრდის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს. გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გაიზრდება აქციზის გადასახადი თამბაქოზე, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე. ასევე გაიზრდება მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესისთვის. ეს ნაბიჯები სავარაუდოდ ქვეყანაში ფასების მატებას გამოიწვევს, რადგანაც ნავთობის ფასები მრავალი პროდუქტის ფასზე ახდენს გავლენას. 

"პირველი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება. როგორც მოგეხსენებათ, თამბაქოს ფასი ერთ-ერთი დაბალია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. ამასთანავე, ვგეგმავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას. აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე - ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, მთავრობას რეფერენდუმის გარეშე არ შეუძლია გაზარდოს გადასახადები ან დააწესოს აქციზის გადასახადი. კანონმდებლობის მიხედვით, ერთადერთი გამონაკლისი აქციზის გადასახადია, რის გამოც მთავრობას სწორედ აქციზის გადასახადის ზრდა შეუძლია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები