პრემიერი: 2017 წლიდან 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დედოლარიზაციის საბაზრო რეგულაციების პრეზენტაცია გამართა. პრემიერის თქმით, "2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200 ათას ლარამდე სესხები - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით". კვირიკაშვილის თქმით, რეგულაცია მიზნად მოსახლეობის იმ ნაწილის დაცვას ისახავს, რომლებიც კურსის გაუფასურების გამო შესაძლოა დაზარალდნენ. 

"გეგმით, მცირე ზომის სესხები, ახალი სესხების - 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200-მდე ათას ლარამდე - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს ლარით ფასდადება", -ამბობს პრემიერი.

დღესვე პრემიერმა კიდევ ერთი ცვლილება წარადგინა - ერთჯერადი აქციის სახით, ფიზიკურ პირებზე 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია მოხდება. კვირიკაშვილის თქმით, ლარში კონვერტაცია არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით მოხდება. 

"გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათასი ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში, მაგალითად, თუ კურსია 2.50 - მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2.30 ამ. სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც. ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს", - ამბობს პრემიერი.

ბანკებს უფრო მეტი რესურსი დოლარში აქვთ, ამის მიზეზი დეპოზიტებში დოლარის მაღალი წილია, შესაბამისად, მათ უფრო იაფად შეუძლიათ დოლარის სესხის გაცემა, ვიდრე ლარის სესხის. იმ პირობებში, თუ ხელოვნურად გაიზრდება მოთხოვნა ლარის სესხზე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ სესხების საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდოს. 

 

კომენტარები