დოლარის სესხების ლარში გადაყვანისთვის მთავრობა 65 მილიონიან სუბსიდიას გამოყოფს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ერთჯერადი სოციალური აქციის სახით, ფიზიკურ პირებზე 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია მოხდება. კვირიკაშვილის თქმით, ლარში კონვერტაცია არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით მოხდება. ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სახელმწიფო კონვერტაციის ღირებულების ნაწილს დაფარავს, რისთვისაც 2017 წლის ბიუჯეტში სუბსიდიის სახით 65 მილიონი ჩაიდება.

მთავრობის მიერ გამოცხადებული ცვლილების შესაბამის კრეიტერიუმებს დაახლოებით 33 ათასი მსესხებელი აკმაყოფილებს. მათ 2015 წლამდე უცხოურ ვალუტაში ნომინირებული იპოთეკური კრედიტები აქვთ აღებული. ფინანსთა მინისტრის თქმით, ჯამში ამ სესხების საერთო პორტფელი 400 მილიონ დოლარამდეა.

"ეს არის 400 მილიონი დოლარი მთლიანად, რასაც გალარება შეეხება, რაც ნიშნავს, რომ ამ თანხას ბაზარზე აღარ მოითხოვენ, რადგან თვითონ მექანიზმის მიხედვით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს შემუშავებული, კომერციულ ბანკებზე მოხდება პირდაპირ გადაფარვა. თუ ამ ადამიანებს ხელფასის აღებისას უნდა შეეძინათ თავისუფალ ბაზარზე ვალუტა და ბანკში მიეტანათ, ამ ტრანზაქციის შესაბამისად, ეროვნული ბანკი პირდაპირ მოახდენს ინტერვენციას კომერციულ ბანკებზე, დაუფარავს ღია სავალუტო პოზიციას, ეროვნულ ვალუტაზე არ მოხდება 400 მილიონი დოლარის ზეწოლა და მიეხმარება ჩვენი ლარის სტაბილიზაციას",- ამბობს ქუმსიშვილი.

მთავრობის გადაწყვეტილება დედოლარიზაციის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. დღესვე გამოცხადდა კიდევ ერთი ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც პირველი იანვრიდან ბანკებს 100 000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა აეკრძალებათ.

კომენტარები