მოგების გადასახდი

ქადაგიძე: მოგების გადასახადის გაუქმების გამო აქციზის ზრდა გაუგებრობაა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ფიქრობს, რომ მოგების გადასახადის რეფორმა, ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლა ეკონომიკური გაუგებრობაა. მთავრობა მომავალ წელს აქციზის გადასახადს 600 მილიონით ზრდის ამის მიზეზი კი მოგების გადასახადის რეფორმაა. ქადაგიძის შეფასებით უბრალოდ გაუგებარია მთავრობის მოტივი, როდესაც ერთის მხრივ რიგ ინდუსტრიებს, რომლებიც მოგების გარდა სხვა გადასახადებს არ იხდიან უუქმდებათ გადასახადი და მეორეს მხრივ ქვეყნის ყველა მოსახლეს უძვირდება აქციზის გადასახადის ტვირთი. 

"თემა 1. მოგების გადასახადის გაუქმება (ესტონური მოდელი)

ა. მოგების გადასახადის გაუქმება არ უნდა შეეხოს ფინანსურ (საბანკო, დაზღვევის, მისო-ბი) და ფარმაცევტულ სექტორებს. ეს ინდუსტრიები ისედაც არ იხდიან არანაირ გადასახადს გარდა მოგებისა და მათი საგადასახადო ტვირთი ისედაც მინიმალურია.

ბ. ასევე არ უნდა შეეხოს ბუნებრივ მონოპოლიებს (თელასი, თბილისის წყალი, ენერგო პრო და ა.შ.) ვინაიდან ასეთი კომპანიები არ იმყოფებიან კონკურენტულ გარემოში მოგების მიღების პროცესში.

გ. მით უფრო გაუგებარია ასეთი ინდუსტრიების მოგების გადასახადისგან არიდება საწვავზე და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად. გამოდის რომ მთელი მოსახლეობა გადაიხდის ბიუჯეტში იმ დანაკლისს რომელსაც ეს კომპანიები აღარ გადაიხდიან.

ასეთი მიდგომა არ არის არც მემარჯვენეობა და არც მემარცხენეობა, უბრალოდ გაუგებრობაა.

მყისიერი საბიუჯეტო ეფექტი: 150-200 მილიონი ლარი", - წერს ქადაგიძე საკუთარ facebook-ში.

ქადაგიძე არსებული კრიზისული ვითარების ერთ-ერთ გამოსავლად ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ასახელებს:

"გადავწყვიტე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით რომელიც უნდა გატარდეს რომ დავზოგოთ/მოვიძიოთ 1 - 1,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის,"- წერს ქადაგიძე.

ცნობისთვის, 2017 წლის ბიუჯეტით, მთავრობა ეკონომიკური თავისუფლების აქტით დადგენილ ნორმებს დაარღვევს, რადგანაც ბიუჯეტის დეფიციტი კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ მაჩვენებელს -3% გადააჭარბებს და 4.1% იქნება.

კომენტარები