მილიონი ხე

ნარმანია: ვერეს ხეობაში ხეების 88%-მა გაიხარა

facebook.com/CityHallofTbilisi

თბილისის მერის ინფორმაციით, მდინარე ვერეს სანაპიროსთან გაშენებულ ხეივანში ხეების ხმობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა.

„მდინარე ვერეს სანაპიროსთან გაშენებული ხეივანის ხმობასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი და ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ხოლო დარჩენილი 12% ჩაანაცვლა კონტრაქტორმა კომპანიამ ისე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები დახარჯული არ ყოფილა“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში 80 ათასამდე ხე დაირგო.

„მნიშვნელოვანია ის, რომ მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და რამდენიმე ადგილას ზეთისხილის ბაღები გაშენდა. ასევე, დიდი დიღმის და სოფელი დიღმის გამყოფ ქედზე დაიწყო ნუშის ბაღების გაშენება. რამდენიმე ადგილას მოეწყო ქარსაცავი ზოლები. ამ ყველაფრის გაკეთების საშუალება მოგვეცა ჩვენ იქედან გამომდინარე, რომ აქცენტი ავიღეთ უფრო მაღალი ხეების დარგვაზე და, შესაბამისად, ამ ხეების ოთხწლიანი მოვლა-პატრონობის ინსტრუმენტები იქნა შემუშავებული, რაც ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები