ეკლესია და სახელმწიფო

ოზურგეთის მერია ეკლესიას არამიზნობრივი ხარჯვის გამო ფულს აღარ მისცემს

0 კომენტარი
მიტროპოლიტი იოსებ კიკვაძე ფოტო: shemoqmediseparqia.blogspot.com

ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის განცხადებით, შემოქმედის ეპარქიას თანხას აღარ გამოუყოფს. მისი თქმით, ეპარქია აქამდე გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ განსაკუთრებულ პატივს ვცემთ მართლმადიდებელ დედა ეკლესიას, პატრიარქს, სინოდს, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ჩვენს ეკლესიასთან დაპირისპირებას. აქ საუბარია ბიუჯეტზე, რომლის წინაშეც ყველანი, განურჩევლად რწმენისა და იდეოლოგიისა, თანაბრად ვართ ანგარიშვალდებულნი. ასევე, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ მე, როგორც ხალხის მიერ არჩეული მერი, ანგარიშვალდებული ვარ მოქალაქეების და არა კონკრეტული პირების წინაშე, რა წოდების მქონენიც არ უნდა იყვნენ ისინი.

გამომდინარე აქედან, ბიუჯეტი ხალხის ფულია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გადასახადებისგან შედგება და ნებისმიერმა ორგანიზაციამ მიზნობრივად და მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა დახარჯოს საბიუჯეტო თანხები.

ქალაქ ოზურგეთის მერიას, სხვა მხრივ, არანაირი დაპირისპირება და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არ აქვს შემოქმედის ეპარქიასთან და მეუფე იოსებთან. დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ის გახლავთ, რომ ფინანსური მონიტორინგის დროს ჩვენ ვერ დავინახეთ წინა წელს გაცემული თანხების მიზნობრივად ხარჯვა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ თანხას, რომელიც წელს ეპარქიისთვის უნდა მიგვეცა, სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან და აუცილებელი პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენებთ. ხოლო ფინანსური საშუალების არსებობის შემთხვევაში, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ დახმარებას, ჩვენ აუცილებლად დავაფინანსებთ", - აცხადებს ოზურგეთის მერი.

მისივე თქმით, ის "პატრიარქისადმი უღრმესი პატივისცემის ნიშნად", შეგნებულად არ ასაჯაროებს არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს, რომელიც დოკუმენტაციაშია ასახული.

შემოქმედელმა ეპისკოპოსმა იოსებ კიკვიძემ გურიის მოამბეს განუცხადა, რომ "არა მგონია, კარგი იყოს პრესით საუბარი იმ გადაწყვეტილებებზე, რაც პირველ რიგში მე უნდა მცოდნოდა. არც არამიზნობრივ ხარჯვაზე დაუსაბუთებელი ბრალდებები მგონია მართებული".

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ წელს, წინა მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ facebook-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ეძღვნებოდა. კვაჭანტირაძე მეუფე იოსებთან გურიის ყოფილი გუბერნატორის რამაზ ნიკოლაიშვილის სტუმრობას აფასებდა. "იმედია, მაგ ისტორიულ სასახლეზე, რომელიც ერმა დიდსულოვნად დაგითმოთ, ნაცმოს საარჩევნო შტაბის აბრას არ გამოაკრავთ და შიგნით მართლა შტაბს არ გამართავთ. დანარჩენს მოვუვლით და შეცდომებს აღარ დავუშვებთ", - წერდა კვაჭანტირაძე. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ეს განცხადება მეუფე იოსებმა ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა. მისი თქმით, ის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი არაა და პოლიტიკურ პროცესებში სასულიერო პირების ჩარევის წინააღმდეგია.

"თუ ვინმე პოლიტიკოსი მომიწოდებს, რომ ვინ მივიღო სტუმრად და ვინ არა, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია და ეს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაა. ეკლესიის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლება. მაჟორიტარ დეპუტატს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ვის და როდის იღებს ეპისკოპოსი სტუმრად. ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან", - ამბობს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ტელეკომპანია პირველთან საუბარში. მეუფე იოსები კვაჭანტირაძის განცხადებას შეცდომების გამოსწორების შესახებ, მუქარად აფასებს. 

კითხვაზე, თუ საიდან შეიძლება ზვიად კვაჭანტირაძეს ინფორმაცია ჰქონოდა შემოქმედელი მიტროპოლიტის რეზიდენციაში რამაზ ნიკოლაიშვილის სტუმრობის შესახებ, მეუფე იოსები პასუხობს - "გასაგებია, რომ სპეციალური სამსახურები უნდა არსებობდეს, ამას ჩვენ ყველა ვემხრობით. ფაქტია, რომ ვიღაც იყო, ვინ იყო - არ ვიცი".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები