ტრანსპორტი

Yandex Taxi-ს ქართული კომპანიები დემპინგში ადანაშაულებენ და უჩივიან

Yandex Taxi
rt.com

საქართველოს ბაზარზე ახლადშემოსულ რუსულ კომპანია Yandex Taxi-ს ქართული კომპანიები დემპინგში ადანაშაულებენ და კონკურენციის სააგენტოში უჩივიან. როგორც ტაბულას კონკურენციის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, ტაქსი 200 200-ის საჩივარი ხარვეზიანი იყო, ამიტომ, მათ რეკომენდაციები მიეცათ, რათა საჩივრის ტექსტი გაესწორებინათ. ჯერ-ჯერობით, ტაქსი 200 200-ს განახლებული საჩივარი არ მოუმზადებია.

Yandex Taxi ქართულ ბაზარზე ზაფხულის ბოლოს შემოვიდა, კომპანიაში მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან იწყება. ამ ფასში შედის მგზავრობა 2 კილომეტრზე, ეს კი თბილისის ცენტრალურ უბნებში გადაადგილებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი ტარიფია.

ტაქსი 200 200-ის საჩივრის ერთ-ერთი მიზეზი მძღოლთა ახალ კომპანიაში გადადინება იყო, იმის გამო, რომ Yandex Taxi-ს კლიენტთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, სხვა კომპანიების მძღოლებისთვის ახალ კომპანიაში გადასვლა მომგებიანი აღმოჩნდა.

ტაქსი 200 200-ის დირექტორი ნიკა ხოფერია რეზონანსთან საუბარში ამბობს, რომ მათი თანამშრომლების 80% Yandex Taxi-ში გადავიდა, რის გამოც მათ საქმიანობას ხელი მნიშვნელოვნად შეეშალა.

საჩივრის შეტანის შემდეგ, კონკურენციის სააგენტოს მოუწევს მსჯელობა, დაბალი ტარიფების დაწესებით დაარღვია თუ არა Yandex Taxi-მ საქართველოს კანონმდებლობა. უშუალოდ დემპინგი საქართველოს კანონმდებლობით განმარტებული არაა, თუმცა განსაზღვრულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. თუმცა იმისთვის, რათა ამ მუხლით წარიმართოს გამოძიება, უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა Yandex Taxi-ს თბილისის სატაქსო ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა.

უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკურენციის სააგენტო, თუმცა თუკი კომპანია დაჯარიმდება და მას დაბალი ტარიფებით ოპერირება აეკრძალება, ამით მხოლოდ მოსახლეობა დაზარალდება, რადგანაც ბაზარზე დარჩებიან კომპანიები, რომლებიც ამ მომსახურებას შედარებით ძვირად აწვდიან მომხმარებლებს.

დემპინგში ბაზარზე განსაკუთრებით დაბალი მოსაკრებლების დაწესება იგულისხმება. არსებობს მოსაზრება, რომ ამ დროს კომპანია დაბალი ტარიფებით ბაზარს სრულად იპყრობს, რის შემდეგაც მონოპოლისტი ხდება და ფასებს ზრდის. თუმცა ისეთ ბაზარზე, როგორიც თბილისის ტაქსების ბაზარია, მსგავსი რამ ნაკლებად სავარაუდოა, განხორციელდეს, რადგანაც სატაქსო მომსახურების გასაწევად, ინდივიდებს პრაქტიკულად მხოლოდ ავტომობილი და მართვის მოწმობა ესაჭიროებათ, კომპანიების დაფუძნება კი მარტივია. თუ კომპანიამ, რომელსაც დემპინგურ ფასში ადანაშაულებენ, ტარიფების ზრდა დაიწყო, ის უბრალოდ მომხმარებელთა ნაწილს დაკარგავს, რადგანაც ეს მომხმარებლები გადავლენ ამ სერვისის სხვა მიმწოდებელ კომპანიებთან. დაბალი ტარიფების დაწესების გამო კი, კომპანიების დაჯარიმება ერთდროულად ბიზნესისთვის და მომხმარებლებისთვისაა დამაზარალებელი.

მაშინ, როდესაც Yandex Taxi საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, კომპანიის აპლიკაციის რუკაზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო მოხსენიებული.

კომენტარები