კულტურის მინისტრი

საია: გიორგაძის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს 1 მლნ-ზე მეტი ვალი აქვს

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევა - „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით". დოკუმენტი ეხება სახელმწიფოსა და შპს ინტერნეიშენალ ივენთს შორის 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს, რომლის მიხედვითაც ინტერნეიშენალ ივენთს თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49-წლიანი იჯარით გადაეცა.

შპს ინტერნეიშენალ ივენთის მეწილეები, 2014 წლის შემოდგომამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე - კახი კანდელაკი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი დავით მენაბდე იყვნენ. საიას ცნობით, კომპანიაში მათი წილის ფლობის დროს შპს ინტერნეიშენალ ივენთს სახელმწიფოს წინაშე 700,000 ლარზე მეტი ჰქონდა დავალიანება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 2014 წლის აგვისტოში, მიხეილ გიორგაძემ და კახი კანდელაკმა თავიანთი წილები უსასყიდლოდ გადასცეს გიორგი კერესელიძეს და გიორგი მენაბდეს. ამ დროისთვის, გიორგაძე და კანელაკი უკვე მინისტრის და მისი მოადგილის თანამდებობებს იკავებდნენ.

დღეისათვის, კომპანიის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე, 1,245,000 ლარზე მეტს შეადგენს. კომპანია 2011 წლიდან მოყოლებული არ იხდის თბილისის საკონცერტო დარბაზის მართვის საფასურს. ამასთან, საიას ცნობით, თბილისის საკონცერტო დარბაზის დიდი სცენის ერთი დღით დაქირავების საფასური 15,000 ლარიდან იწყება, ხოლო ივენთ-ჰოლის - 6,000 ლარიდან.

"ინტერნეიშენალ ივენთსი სისტემატიურად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრს ვალდებულებს, კომპანიამ ვერ უზრუნველყო 5,000,000 აშშ დოლარის ინვესტიციის სრულად განხორციელება, კომპანიის მიერ დროულად არ ხდება შესაბამისი ანგარიშების სახელმწიფოსათვის წარდგენა", - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ კომპანიის იურიდიულ მისამართად დღემდე რჩება ქ. თბილისი, გაბაშვილის ქ. #1 მდებარე უძრავი ქონება, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის - მიხეილ გიორგაძის საკუთრებაა.

"ეს აძლიერებს ეჭვს, რომ მინისტრი ფორმალურად არის ჩამოშორებული კომპანიას და რეალურად, მას დღემდე გააჩნია ინტერესები ინტერნეიშენალ ივენთსში. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება და ინტერნეიშენალ ივენთსის მიერ არაერთხელ დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულებების შემდეგ, შეწყვიტოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ შპს ინტერნეიშენალ ივენთსმა სრულად დაფაროს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება", - აცხადებს საია.

კომენტარები