$98-მილიონიანი კრედიტი, რის ჩარიცხვასაც მთავრობა ელოდა, შემოვიდა

REUTERS

დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩაირიცხა აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) მისაღები დაფინანსება $98.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. 

ამ კრედიტის ჩარიცხვამდე 0%-ზე იყო დონორებისგან მისაღები ბიუჯეტის დამხმარე კრედიტების შესრულება, საიდანაც წელს საქართველოს $164 მილიონი უნდა მიეღო. არსებული მდგომარეობით კი ის 60%-მდე გაიზარდა. ეს თანხა სავარაუდოდ წლის ბოლომდე ლარის გარკვეულ გამყარებას გამოიწვევს.

წელსვე საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების სახით $52 მილიონი უნდა მიეღო, ამ თანხის მხოლოდ 6.2%-ია ჩარიცხული. 

რატომ ვერ მიიღო საქართველომ გეგმით გათვალისწინებული დაფინანსება?

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების გეგმის ჩავარდნა სავალუტო ფონდთან გაუარესებულ ურთიერთობას უკავშირდება. 

"ვერ მივიღეთ დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, დიახ, გიდასტურებთ ამას, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ვერ მივიღეთ დაფინანსება. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და ის, რომ სავალუტო ფონდთან გაიჭიმა ის მოლაპარაკებები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვაწარმოებთ და რომელიც ამ ბოლო პერიოდში უკვე პოზიტიურია და ვფიქრობთ, რომ დადებითად მოხდება შეთანხმება მომავალ მაჩვენებლებთან და აღდგება სავალუტო ფონდთან ის ნორმალური ურთიერთობა, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინსტიტუციებიდან დაფინანსების მოზიდვისათვის, ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ", - ამბობს კვირიკაშვილი.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) ბიუჯეტის მხარდამჭერ სასესხო ხელშეკრულებებს მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს ხელი მოეწერა.  

კომენტარები