გადასახადები

პარლამენტმა გადასახადების ზრდას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტმა ბიუჯეტთან თანდართულ საგადასახადო ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც მთელი რიგი გადასახადები იზრდება.

გადასახადების ზრდით მთავრობა 518 მილიონის მობილიზებას გეგმავს

თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 190-200 მილიონი ლარით; მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით - 45 მილიონი ლარით.

ბენზინზე, დიზელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე აქციზის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება -250 მილიონი ლარით.

ტოტალიზატორის ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთის 10%-მდე გაზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 30 მილიონი ლარით.

40 ათას ლარზე მეტი შემოსავალის მქონე ფიზიკურ პირთა ავტომანქანების ქონების გადასახადით დაბეგვრის შედეგად საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 3 მილიონი ლარით.

ერთადერთი ცვლილება, რომელიც გადასახადების შემცირებისკენაა მიმართული, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა. მომავალ წელს მთავრობა ამ გადასახადიდან 681 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს, ეს წლევანდელთან შედარებით 300 მილიონით ნაკლებია, შესაბამისად, ახალი გადასახადების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა.

კომენტარები