კრიმინალი

მღებრიშვილი კრიმინალის გაზრდაზე: ვისაც როგორც უნდა, ისე ითვლის ამ სტატისტიკას

ტაბულას კითხვაზე, კრიმინალის გაზრდასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია არასწორია და სტატისტიკა წლის ბოლოს დაითვლება.

"სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია, როგორც ასეთი, ერთიანი არ არის, ვისაც როგორ უნდა, ისე ითვლის. მე მაქვს მხედველობაში ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ ამ სტატისტიკას", - ამბობს გიორგი მღებრიშვილი.

მღებრიშვილის თქმით, მისმა მოადგილემ ერთი შეხვედრა მიუძღვნა სტატისტიკის დათვლის მეთოდოლოგიას, თუმცა სხვები მაინც არასწორად ითვლიან.

"ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვს ძალიან ბევრ ადამიანს და ისე ითვლის ამ სტატისტიკას. მე კიდევ გეუბნებით, რომ სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, ისევე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს და არა ისე, რომ არა მარტო მე, არამედ ყველა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს კედელთან აყენებენ, ლამის კვირაში ერთხელ ვაქვეყნოთ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალის სტატისტიკას თავის პორტალზე იანვრის შემდეგ აღარ აქვეყნებს.

"აქამდე იყო ისეთი დათქმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყოველთვიურად ქვეყნდებოდა სტატისტიკა. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ეს სტატისტიკა არ ქვეყნდება. არ არსებობს არანაირი მოთხოვნა, არანაირი კანონი არ მავალდებულებს გამოქვეყნებას. მე მზად ვარ პასუხი გავცე იმას, ვინც პრეტენზიას წამიყენებს", - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.

2016 წლის პირველ ათ თვეში საქართველოში რეგისტრირებული კრიმინალის რაოდენობამ 32.6 ათასი შეადგინა, ეს 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2125 კრიმინალური ფაქტით, ანუ 6.7%-ით მეტია. ამის შესახებ ტაბულას მიერ შსს-დან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი. ამავე სტატისტიკიდან ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით შემცირებულია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი. ჩადენილი 32.6 ათასი დანაშაულიდან, 13 ათასი შემთხვევაა გახსნილი, რაც საერთო დანაშაულთა 40%-ს შეადგენს, გასულ წელს კი გახსნის მაჩვენებელი 45%-ს შეადგენდა.

კომენტარები