ნარკოპოლიტიკა

2016 წელს კანაფით გამოწვეული პრობლემების გამო სტაციონარებს მხოლოდ 12-ჯერ მიმართეს

salon.com

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 2016 წელს კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ქვეყნის მასშტაბით, სამკურნალო დაწესებულებებს მხოლოდ 12-ჯერ მიმართეს. ეს ინფორმაცია ცენტრიდან ნარკოლოგმა ზურა სიხარულიძემ გამოითხოვა, რომელიც კლინიკა ურანტის ხელმძღვანელი და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრია.

"ოპონენტები ხშირად აპელირებენ სერვისების ნაკლებობაზე. ეს თუ ასეა, მიმართვიანობა უნდა იყოს მაღალი, რომ სერვისი არ გყოფნიდეს. როცა ასეთი მცირე რაოდენობის ადამიანი მიმართავს სამკურნალო დაწესებულებებს მთელი საქართველოს მასშტაბით, აპელირება იმაზე, რომ სერვისი არ გვაქვს და ვერ ვუმკლავდებით ამ პრობლემას, არის აბსოლუტურად ალოგიკური", - აღნიშნა სიხარულიძემ ტაბულასთან საუბარში.

რაც შეეხება გასულ წლებს, 2015 წელს კანაფის და მისგან წარმოებული პროდუქტების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამო სტაციონარებს მხოლოდ 9-ჯერ მიმართეს, 2014-ში კი 10-ჯერ.

2 ივნისის მოძრაობის აქტივისტის, მარიამ გოგოლიშვილის მოსაზრებით, დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით ტარდება, მცდარია და ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები.

"ხელისუფლების და განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა ქვეყანას ერის გენოფონდის გადასარჩენად სჭირდება. ამბობენ იმასაც, რომ მარიხუანა საზოგადოებისთვის საშიში ნივთიერებაა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეს მონაცემები საპირისპიროს ამტკიცებს.

კანაფის მოხმარებით გამოწვეული პრობლემების გამო წელიწადში სულ 12 მიმართვა სამკურნალო დაწესებულებებში - ეს მაშინ, როდესაც საქართველოში მარიხუანას ათობით ათასი ადამიანი მოიხმარს. როდესაც საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით, ყოველდღიურად საშუალოდ 112 ადამიანი გადაჰყავთ ნარკოტესტირებაზე და შეუსაბამო სასჯელს აკისრებენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს", - ამბობს გოგოლიშვილი ტაბულასთან საუბარში.

---

საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით აქტიური კამპანია 2010 წლიდან დაიწყო. 2013 წლის 2 ივნისს კი თბილისში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით პირველი მასშტაბური აქცია გაიმართა.

2 ივნისის მოძრაობის, თეთრი ხმაურის მოძრაობის, Gen-Pud-ისა და ამ საკითხზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების მიერ წარმოებული პერმანენტული კამპანიის ფონზე, 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამოქალაქო აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის სარჩელი და 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით პატიმრობა გააუქმა. 2016 წელს პატიმრობა გაუქმდა მარიხუანას მოხმარების გამოც.

თუმცა, ძალაში რჩება 12 წლამდე ვადით პატიმრობა მარიხუანას კულტივაციისთვის და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და მაღალი ჯარიმები მისი შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის. პოლიცია კვლავაც აგრძელებს ქუჩის იძულებითი ურინოტესტირების პრაქტიკას - მოქალაქეებს აჩერებენ ქუჩაში, აკავებენ და მიჰყავთ ნარკოლოგიურ დაწესებულებებში, ნარკოტიკული თრობის დადასტურების შემთხვევაში კი აჯარიმებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე, ყოველწლიურად საშუალოდ 50 000 ადამიანი გადაჰყავს ნარკოტესტირებაზე. ბოლო 7 წლის განმავლობაში სახელმწიფომ იძულებითი ნარკოტესტირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 000 000 ლარი დახარჯა, თუმცა, დაკავებულთა შორის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი მხოლოდ 35%-ს დაუდგინდა.

დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა "ალტერნატივა ჯორჯიამ", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 69.4% მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ემხრობა, 54.5% კი თვლის, რომ ადამიანებს არ უნდა აპატიმრებდნენ ნარკოტიკების ინექციურად მოხმარების გამო.

2016 წელს ნარკოპოლიტიკის სფეროში მოქმედმა 40-ზე მეტმა სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაა.

კომენტარები