დაპირისპირება ენმ-ში

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრები: ყრილობის საორგანიზაციო კომისიას ლეგიტიმაცია არ გააჩნია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს 24 წევრი განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, პარტიის VII ყრილობის საორგანიზაციო კომისია დადგენილი წესის გვერდის ავლით, უკვე ფუნქციონირებს და მას არ გააჩნია პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაცია.

როგორც პარტიის წევრები აღნიშნავენ, 30 ნოემბერს, პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებულ ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესში არაა განმარტებული ყრილობის ორგანიზაბულად და სამართლებრივად გამართულად ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხები.

„ამ საკითხთა დასაზუსტებლად და პოლიტიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე დასამატკიცებლად წარსადგენად 2016 წლის 22 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამდივნო შეხვდა წესის ავტორებიდან ერთ-ერთს, ლევან ბეჟაშვილს. ლევან ბეჟაშვილის, აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურისგან მიღებული განმარტების თანახმად, ყველა დასაზუსტებელ საკითხს განსაზღვრავს ყრილობის საორგანიზაციო კომისია.

როგორც ირკვევა, ყრილობის საორგანიზაციო კომისია უკვე ფუნქციონირებს დადგენილი წესის გვერდის ავლით და არ გააჩნია პარტიის პოლიტიკური საბჭოს ლეგიტიმაცია, რასაც ცალსახად მოითხოვს პოლიტიკური საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებული წესის პუნქტი 5.2. ამ პუნქტის თანახმად, „სარგანიზაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტსაბჭო. საორგანიზაციო კომისიის ერთი წევრის წარდგენის უფლება აქვს პოლიტსაბჭოს ხუთ წევრს. პოლიტსაბჭოს ერთ წევრს უფლება აქვს მხოლოდ ერთ წარდგინებაზე მოაწეროს ხელი“.

წესის ავტორთა განმარტებით, ფრაზა „საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტსაბჭო“ გულისხმობს, რომ საორგანიზაციო კომისიაში პოლიტსაბჭოს წევრების მიერ წარდგენის შემდეგ, კომისიის საბოლოო შემადგენლობას არ სჭირდება პოლიტიკური საბჭოს დამტკიცება“, - აცხადებენ პოლიტიკური საბჭოს წევრები.

მათივე ინფორმაციით, 22 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამდივნოში დარეგისტრირდა 6 განაცხადი, თითოეულზე პოლიტიკური საბჭოს 5 წევრის ხელმოწერით, რომლითაც ყრილობის მოსამზადებელი კომისიის წევრებად განისაზღვრნენ ნინო კალანდაძე, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე.

„წესის ავტორთა განმარტებით, კომისია უკვე უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას. მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც, უკვე დამტკიცებული წესის საკვანძო საკითხები დასაზუსტებელი და სამართლებრივად გასამართია. წესის ავტორი კი 5.2 პუნქტის სამართლებრივად სადაო განმარტებით, ამ ფუნქციას ართმევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის VI ყრილობის მიერ არჩეულ 60-კაციან პოლიტიკურ საბჭოს და გადასცემს ყრილობის საორგანიზაციო 6-კაციან კომისიას“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტსაბჭოს 24 წევრი მიიჩნევს, რომ VII ყრილობის ორგანიზებულად, სამართლებრივად გამართული წესებით ჩატარება ენმ-სთვის უმნიშვნელოვანესია იმ უთანხმოების ფონზე, რაც პარტიის შიგნით არსებობს.

„ყრილობის საორგანიზაციო კომისიის ამგვარად დაკომპლექტება მხოლოდ აღრმავებს ამ უთანხმოებას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იქნეს მოწვეული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველი ორგანო - პოლიტიკური საბჭო, რომელიც (ა) სამართლებრივად გამართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის VII პარტიული ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესს“; (ბ) დაამტკიცებს ყრილობის საორგანიზაციო კომისიას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთიანობა ახლა ყველა ჩვენგანის საზრუნავია. ამ ერთიანობას ჯანსაღი დისკუსია, სამართლებრივად სწორი წესებით მოქმედება და გადაწყვეტილებების უკვე დამკვიდრებული ტრადიციის პატივისცემა უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ვახტანგ ბალავაძე, ქეთევან მჭედლიძე, გიორგი გაბაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, აკაკი ბობოხიძე, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, სერგო რატიანი, გიგი წერეთელი, გია თევდორაძე, მამუკა ახვლედიანი, გივი თარგამაძე, თენგიზ გუნავა, ზაზა კედელაშვილი, ლევან თარხნიშვილი, ვაჟა ჩიტაშვილი, მიშა ვაჭავარიანი, ტარიელ ლონდარიძე, დავით ბაქრაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომენტარები