ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: ენმ-ისთვის კარგი იქნება, რომ ადგილზე ჰყავდეს მოქმედი თავმჯდომარე

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის კარგი იქნება, თუ პარტიას ადგილზე ეყოლება მოქმედი თავმჯდომარე. ამის შესახებ ბაქრაძემ რუსთავი ორის ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ ეს პარტიის განვითარებისთვის და დამატებითი ხმების მიღებისთვის არის საჭირო. მისივე თქმით, ენმ-ის ყრილობაზე თავად არ აპირებს თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას. 

"პარტიის ამ ყრილობაზე მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას. არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიას სჭირდება ადგილზე მოქმედი თავმჯდომარე და მის მიერ ყოველდღიური მართვა. გარდა ამისა, ფინანსურმა დონორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ საქმე აქვთ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირთან. ასევე, იმ პოლიტიკური დევნის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ შეიძლება, პარტიის რომელიღაც ლიდერი აიძულო, დატოვოს ქვეყანა, შეიძლება, დაიჭირო პარტიის სხვა ლიდერები, მაგრამ ამ პარტიაში გამოჩნდებიან ახალი ლიდერები და ამიტომ, ნაციონალურ მოძრაობას ივანიშვილის რეჟიმი ვერ მოერევა. ანუ ბევრი არგუმენტია იმისთვის, თუ რატომ სჭირდება პარტიას თავმჯდომარე და მეც ვიხრები იქით, რომ ნაციონალური მოძრაობის განვითარებისთვის, მისი მომავლისთვის, დამატებითი ხმების მიღებისთვის, პარტიისთვის კარგი იქნება, რომ ადგილზე ჰყავდეს მოქმედი თავმჯდომარე. ეს არ აკნინებს მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას პარტიის წინაშე, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ის პოლიტიკური დევნის გამო, იმყოფება უკრაინაში, ამიტომ მასთან ერთად რომ აქ იყოს პარტიის თავმჯდომარე, ვფიქრობ, რომ ეს პარტიისთვის კარგია" - ამბობს ბაქრაძე.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, "სასწორის ერთ პინაზე დევს იმის რაციონალური გააზრება, რომ პარტიისთვის კარგია ადგილზე მოქმედი თავმჯდომარე და ამ სასწორის მეორე პინაზე დევს იმის ემოციური გააზრება, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება, პარტიაში მოიტანოს განხეთქილება, ემოციური დაპირისპირება და წყალი დაასხას ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მკაფიო".

კომენტარები