ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კალანდაძე: არ დავესწრებით ენმ-ის 27 დეკემბრის პოლიტსაბჭოს სხდომას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ის წევრები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მომხრეებად მოიაზრებიან, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ - ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი ნინო კალანდაძე ავრცელებს. განცხადებაში განმარტებულია ის მიზეზები, პოლიტსაბჭოს 27 წევრი სხდომას რატომაც არ დაესწრება: 

"• პოლიტსაბჭოს მოწვევის საბაბად დასახელებული მიზეზები არ საჭიროებს ამ ფორმატში შეკრებას, რადგან გადაწყვეტილება 20 იანვრის ყრილობის ჩატარების წესის შესახებ უკვე დამტკიცებულია 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს მიერ.

• ყრილობის მოსამზადებელი საორგანიზაციო კომისიის შედგენის წესი გულისხმობს პარიტეტზე დაფუძნებული საორგანიზაციო კომისიის შექმნას. პოლიტსაბჭოს 30-მა წევრმა უკვე დაასახელა 6 წევრი. ჩვენ დღემდე ველოდებით, როდის დაასახელებენ პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრები წინასწარ განსაზღვრული კვოტის ფარგლებში საკუთარ წარმომადგენლებს.

• ყრილობის საორგანიზაციო წესებზე სწორედ საორგანიზაციო კომისიამ უნდა იმსჯელოს სამუშაო ფორმატში და არა პოლიტსაბჭომ, რადგან ეს არ არის პოლიტსაბჭოს ფუნქცია; შესაბამისად, პოლიტსაბჭოს ეს სხდომა ემსახურება ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას.

• 20 იანვრის 7000-დელეგატიანი ყრილობის მოწინააღმდეგეებმა უარი განაცხადეს უკლებლივ ყველა წინადადებაზე, რომელიც კომპრომისისკენ იყო მიმართული.

• პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ 20 დღის განმავლობაში, ჩვენი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, უარი თქვა ყრილობის საორგანიზაციო საკითხების ირგვლივ თანამშრომლობაზე.

• 30 ნოემბერს პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 10 იანვრისა.

ამიტომ, ნაჩქარევად სხდომის მოწვევას, პოლიტსაბჭოს აქტიური წევრების საქართველოში არყოფნის პირობებში, მივიჩნევთ ყრილობის მოწვევის უკვე დამტკიცებული წესების რევიზიის მცდელობად", - წერია კალანდაძის გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერების სურვილია, კომისიის მუშაობა წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ, რადგან სწორედ საორგანიზაციო კომისია არის ის სტრუქტურა, სადაც საჭიროების შემთხვევაში უნდა შედგეს დისკუსია პროცედურულ საკითხებზე. მათივე თქმით, საორგანიზაციო კომისია ვერ შეითავსებს ვერცერთ იმ ფუნქციას, რომელიც დამტკიცებული წესებით, პოლიტსაბჭოს კომპეტენციაშია.

"გარდა ამისა, ჩვენ ვგრძნობთ მაღალ პასუხისმგებლობას ჩვენი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების წინაშე და გამოვთქვამთ მზადყოფნას ყველასთან თანამშრომლობისთვის - პარტიის რაიონული ორგანიზაციების, საპარლამენტო დეპუტაციის, მაჟორიტარობის კანდიდატების, პოლიტსაბჭოს წევრების და პარტიის მხარდამჭერების ჩათვლით.

ჩვენი მიზანი ენმ-ის ყრილობის სამაგალითოდ, მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებაა, რადგან სწორედ ეს ყრილობა უნდა გახდეს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისი", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან:

1. ზაზა ბიბილაშვილი

2. ლევან ვარშალომიძე

3. ლევან ბეჟაშვილი

4. ირაკლი ნადირაძე

5. გიორგი პატარაია

6. აკაკი მინაშვილი

7. კობა სუბელიანი

8. თინათინ ბოკუჩავა

9. ზურაბ მელიქიშვილი

10. ჩიორა თაქთაქიშვილი

11. პეტრე ცისკარიშვილი

12. ნუგზარ წიკლაური

13. ომარ მეგრელიძე

14. კახა ბუცხრიკიძე

15. ირაკლი ქავთარაძე

16. გიორგი კარბელაშვილი

17. დავით კირკიტაძე

18. ეკატერინე ხერხეულიძე

19. ხათუნა ოჩიაური

20. დავით დარცმელიძე

21. ნინო კალანდაძე

22. კობა ხაბაზი

23. გოჩა კუპრავა

24. მარიამ საჯაია

25. პაატა ლეჟავა

26. ვახტანგ ლემონჯავა

27. მიხეილ მახარაძე

კომენტარები