წმიდა სინოდის სხდომა 2016

სინოდი: მივმართავთ სასულიერო პირებსა და მრევლს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს

წმინდა სინოდი
wikipedia.org

22 დეკმებრის წმიდა სინოდის სხდომის გასვლიდან რამდენიმე დღეში საპატრიარქომ სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. დოკუმენტის ბოლოს სინოდი ამბობს, რომ მღვდელმთავრებმა მოისმინეს ინფორმაცია "მასმედიასა და სოციალურ ქსელში ეკლესიასთან მიმართებაში გავრცელებული სხვადასხვა სახის ტექსტებისა და ქადაგებების თაობაზე".

წმინდა სინოდმა მიიღო შემდეგი მიმართვა:

"როგორც ადრე, ბოლო დროსაც, მასმედიის საშუალებებით საეკლესიო საკითხებზე არაერთი ცილისმწამებლური სტატია გამოქვეყნდა, რომელთაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. ამას დაემატა სასულიერო პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული შეფასებები და ურთიერთბრალდებები, რამაც საზოგადოებაში სამართლიანი უარყოფითი განწყობა და გულისტკივილი გამოიწვია.

ისტორიის მანძილზე არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორი მწვავე დებატები იმართებოდა ამა თუ იმ საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს თემები ეხებოდა არა პირად ურთიერთობებს, არამედ დოგმატურ-სარწმუნოებრივ პრობლემებს. სარწმუნოებრივ საკითხებზე მწვავე კამათი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ასეთი თემებიც და სხვა საკითხებიც, პირველ რიგში, ეკლესიის წიაღში უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, რადგან მოქალაქეები რეალურად არსებულ ვითარებას ნაკლებად იცნობენ და ეს მათთვის შეიძლება გახდეს დაბრკოლების საგანი და ცოდვის მიზეზი.

იმ ძალებს კი, რომლებიც ეკლესიის საზიანოდ შეგნებულად მოქმედებენ, სურთ, რომ დაძაბულობა საჯარო სივრცეში გაღრმავდეს და დაპირისპირების კერები გამრავლდეს.

ამიტომაც მივმართავთ სასულიერო პირებს და მრევლს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აჰყვნენ პროვოკაციებს", - ნათქვამია სინოდის დადგენილებაში.

კომენტარები