იმედი

რუხაძე: კანონი არ კრძალავს, რომ მაესტროს და იმედს საინფორმაციოები ჰქონდეთ

0 კომენტარი
ფოტო: ნეტგაზეთი

ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონი იმედს ერთზე მეტ ტელევიზიაში საინფორმაციო გამოშვების ქონის უფლებას არ უკრძალავს.

"არ ვკითხულობთ ჩვენ ამ კანონს ასე, ეს კანონი იყო ანტი ბადრი პატარკაციშვილის კანონი, რომ ბადრი პატარკაციშვილს არ ჰქონოდა ერთზე მეტი ტელევიზია და ეს კანონი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში იყოს 50-60 დაქუცმაცებული, გაუბედურებული პატარა ტელევიზია. 

არ მიკრძალავს ეს კანონი. კანონი ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია მაესტრო და იმედი იყოს ერთი და იგივე ადამიანის მფლობელობაში და ორივეს ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვება. GDS-ს არ ექნება საინფორმაციო გამოშვება. მიჩივლოს მარეგულირებელმა და მერე მოვილაპარაკებთ",- ამბობს რუხაძე.

იმედი ტელეკომპანიების მაესტროსა და GDS-ის შესყიდვას გეგმავს. ამ გარიგების შედეგად ტვ იმედი სამი საერთო მაუწყებლის მფლობელი გახდება, რის საფუძველზეც რაიდოსა და სამი ნაციონალური მაუწყებლის ბაზაზე ახალი მედიაჰოლდინგი ჩამოყალიბდება. ჰოლდინგის 100%-იანი წილის მფლობელი მილიარდერ არკადი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე იქნება. 

საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ კი მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლის მიხედვით, ერთი პირის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანიებში ფორმატთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება.

"პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს", - წერია მაუწყებლობის შესახებ კანონში.

კანონში არის ნახსენები "საერთო საეთერო სატელევიზიო არხი"- ეს კი ნიშნავს არხს, რომელსაც არანაკლებ 2 თემატიკის გადაცემები აქვს, აქედან ერთი, როგორც წესი, საინფორმაციო/ანალიტიკური ტიპის გადაცემებია. შესაბამისად, ამ მედიაჰოლდინგში სამივე არხს აღარ შეიძლება ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვება.

ამ სამი ტელეკომპანიიდან ორში მაინც საჭირო გახდება ფორმატის ცვლილება, ეს შეიძლება იყოს სპეციალიზებულ მაუწყებლობაზე გადასვლა - რაც ძირითადად ერთი თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობას გულისხმობს, თუმცა აქვე კანონი ადგენს გამონაკლისს - ეს ერთი თემატიკა არ შეიძლება იყოს ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები