საახალწლო შოუ

მერაია კერის საახალწლო შესრულებას "კატასტროფული" და "შეურაცხმყოფელი" უწოდეს

Michael Stewart / WireImage

ნიუ-იორკში ტაიმს-სქვერზე მერაია კერის საახალწლო გამოსვლას, რომელსაც ABC პირდაპირ ეთერში გადასცემდა, მწვავე კრიტიკა და ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

პოპვარსკვლავის ცოცხალ შესრულებას მედიამ „სატელევიზიო ფიასკო“, „კატასტროფული“ და „შეურაცხმყოფელი“ უწოდა.

მერაია კერიმ სულ სამი სიმღერა შეასრულა, თუმცა, საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების დემონსტრირების ნაცვლად, ის ხშირად ლაპარაკობდა და მსმენელს მასთან ერთად სიმღერისკენ მოუწოდებდა.

გამოსვლისას კერიმ რამდენჯერმე ტექნიკური პრობლემების გამო დაიჩივლა. „არაფერი არ გამოსწორდა“ - თქვა მან ერთერთი სიმღერის ბოლოს.

ამასთან, ხანდახან, როდესაც პოპვარსკვლავი მიკროფონს დაბლა სწევდა, მისი წინასწარ ჩაწერილი სიმღერა მაინც ისმოდა.

 

მოგვიანებით, მომღერლის წარმომადგენლებმა პროდიუსერები საბოტაჟში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ყურზე დასამაგრებელი მოწყობილობა არ მუშაობდა, რამაც ნომრის ხარისხიანად შესრულება შეუძლებელი გახადა.

ბრალდებების ადრესატმა კომპანიამ Dick Clark Productions-მა ამ განცხადებებს აბსურდი და აღმაშფოთებელი უწოდა.

მომღერლის ჩავარდნა, როგორც მოსალოდნელი იყო, სწრაფადვე აიტაცეს სოციალურ ქსელებში. თავად მერაია კერიმ კი ტვიტერზე დაწერა, რომ ცუდი ამბებიც ხდება და ყველას ბედნიერი ახალი წელი უსურვა.

 

კომენტარები