სესხების გალარების პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება

ტაბულა

2017 წლის 17 იანვრიდან გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება. ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, მათ კონვერტაციას ლარის სესხებად შეძლებენ. ამასთან, აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება. ამ სესხების მთლიანი პორტფელი $400 მილიონამდეა.

სუბსიდირება ეხება საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არაუმეტეს 40 ათასი აშშ დოლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებულ ძირითად თანხას. 

გალარების პროგრამაში ჩართული პირები 20 თეთრის მოცულობით მიიღებენ კონვერტაციის სუბსიდიას. მაგალითად, თუ ახლა კურსი 2.73-ია, გალარებისას კურსი 2.53-ში იანგარიშება. ამ სუბსიდიაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 65 მილიონის დახარჯვა იგეგმება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა კომერციული ბანკი მზადაა, ყველა მსურველს, რომელსაც გალარება შეეხება, სათანადო მომსახურება გაუწიოს.

სუბსიდია არ შეეხება პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს.

რა რისკს წარმოადგენს გალარების პროგრამა სებ-ის რეზერვებისთვის?

გალარების პროგრამის ფარგლებში კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტას ეროვნული ბანკი მიაწვდის, ეს კი ნიშნავს, რომ ამ პროგრამის გამო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები შესაძლოა $400 მილიონით შემცირდეს.

ეროვნული ბანკის განმარტება, რატომ შეირჩა 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხები?

აღნიშნული სქემის მიზანია მომხმარებლებს შევუმსუბუქოთ სესხის მომსახურების ტვირთის ზრდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს შეეხო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს. მათ ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება ბანკებს მოელაპარაკონ და გაალარონ სესხები.

ეროვნული ბანკის განმარტება, რა პროცენტით გასცემს კომერციული ბანკი გალარებულ სესხს?

კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.

კომენტარები