ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რატიანი განმარტავს, რატომ მიმართა ცესკოს საარჩევნო სიასთან დაკავშირებით

ტაბულა

ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა, ცესკოს წერილით მიმართა და საარჩევნო სიიდან იმ ადამიანების ამოღება მოითხოვა, რომლებმაც რატიანის თქმით, ყრილობის საორგანიზაციო, თვითგამოცხადებული ექვსეული შექმნეს, რითიც ნაციონალური მოძრაობის მმართველი ორგანო, პოლიტსაბჭო, გააუქმეს. 

რატიანი ამბობს, რომ ნიკა მელიას ის განცხადებები, თითქოს მან ამ წერილის შესახებ არ იცოდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მას უკვე ერთი კვირაა, წერილი გამზადებული აქვს, რის შესახებაც, მელია ინფორმირებული იყო. 

"არ შეესაბამება სიმართლეს ნიკანორ მელიას განცხადება, რომ მან არ იცოდა ამის შესახებ. ეს წერილი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მომზადდა და შევაჩერეთ იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დაგვეწყო საუბარი იმაზე, რომ პარტიაში შეჩერებულიყო კონფრონტაციული რეჟიმი და განცხადებები დარეგულირებასა და ურთიერპატივისცემაზე გაკეთებულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო," - ამბობს სერგო რატიანი.

ტაბულას კითხვას, თუ რატომ მიმართა მან ცესკოს თანაპარტიელების სიიდან ამოღების შესახებ, რატიანი პასუხობს, რომ მოლაპარაკების რეჟიმი იყო დაწყებული, თუმცა ჩაიშალა.

"ამოღებული არიან ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს თვითგამოცხადებული საორგანიზაციო კომისია, რომელმაც ფაქტობრივად, გამოაცხადა, რომ ის ითავსებს პოლიტსაბჭოს უფლებამოსილებას და რომ საკითხები, რომლებიც უნდა დაარეგულიროს პოლიტსაბჭომ, რეალურად არის მისი პრეროგატივა. ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიაში შეიქმნა პარტიის გახლეჩვის, გაყოფის ფორმალური წინაპირობა, როდესაც პარტიას მართავს არა პოლიტსაბჭო, არა სამდივნო, არამედ - საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც ყრილობას ამზადებს. ეს მომავალი ყრილობის ლეგიტიმაციას უქმნის საფრთხეს," - თქვა რატიანმა ტაბულასთან საუბრისას.

სერგო რატიანის ცნობით, სიიდან ამოღებული არიან ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, დათო კირკიტაძე და ნუგზარ წიკლაური.

"დამატებით კიდევ ორი ადამიანი, რომელმაც პოლიტსაბჭოს ბოიკოტირება მოუწყო და, ფაქტობრივად, ჩაშალა ის სხდომა. ესენი არიან ომარ მეგრელიძე და ირაკლი ნადირაძე," - განმარტავს რატიანი. 

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ პარლამენტის მანდატებზე, რასაც ენმ-ის დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

კომენტარები