ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საქალაქო სასამართლო: ჩვენი მხრიდან ნიკა მელიასთან ზარი არ ყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით არ დაურეკავთ. როგორც სასამართლოს პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, პროცესი მათი მხრიდან არ გადადებულა.

"დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული სასამართლო პროცესი. ჩვენი მხრიდან არ გადადებულა და თუ პროცესზე ვინმე შუამდგომლობას დააყენებს, მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ჩვენი მხრიდან მსგავსი ზარი არ ყოფილა", - უთხრეს ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პროცესის გადადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს არც ნიკა მელიას ადვოკატს. გიორგი გელხაურის თქმით, ერთ-ერთ ბრალდებულს აქვს დაწერილი პროცესის გადადების შუამდგომლობა, თუმცა პროცესზე ამის შესახებ ჯერ არ უმსჯელიათ.

"ჩემთვის უცნობია, ვინ უთხრა ნიკას, არ ვიცი. მე გზაში ვარ, უნდა მივიდე სასამართლოში. რამდენადაც მე ვიცი, ერთ-ერთ ბრალდებულს აქვს დაწერილი ადრე ერთი პროცესის გადადებაზე, რადგან ვერ ესწრება. ანუ თუ ბრალდებული ვერ ესწრება, გადაიდება, თუმცაღა, ეს პროცესზე არ გაჟღერებულა და არ დაფიქსირებულა. სასამართლოდან ოფიციალურად არავის მოუწოდებია ამის შესახებ ინფორმაცია. მაგრამ ადვოკატისგან ვიცით, რომ გაცხადება აქვს დაწერილი", - უთხრა გელხაურმა ტაბულას.

ნიკა მელია სატელეფონო ზარს ამ დრომდე არ პასუხობს.

გადაიდება თუ არა სასამართლო პრიცესი "ქართუ ბანკის" საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ქართუ ბანკის" საქმეზე სხდომის გადადების შესახებ სასამართლოდან აცნობეს. მელია მიიჩნევს, რომ ფრაქციის სხდომისა და სასამართლო პროცესის გადადება ერთმანეთს დროში საეჭვოდ დაემთხვა.

კომენტარები