გაზპრომთან მოლაპარაკებები

კახა კალაძე: Gazprom-თან ფულად ანაზღაურებაზე გადავდივართ

ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ საქართველო Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა, ქვეყანა 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე ნაწილობრივ ისევე ნედლეულით ანაზღაურება მოხდება, ნაწილობრივ კი ფულადი ანაზღაურება. აქ კალაძეს არ დაუზუსტებია, თუ რომელი თვიდან გადავა საქართველო მონეტიზაციაზე. მისი თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

"მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ გაზპრომ-ექსპორტის საბოლოო წინადადება სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია. ხელშეკრულებას, რომელიც 2016 წელს იყო გაფორმებული, 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. თუმცა რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად შევძელით გაზპრომ ექსპორტისგან არსებული გარემოებების გათვალისწინებით ოპტიმალური წინადადების მიღება. მთავრობამ იმსჯელა ამ შემოთავაზებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით, მე ხაზი მინდა გავუსვა, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის", - ამბობს კალაძე.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.3 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები