გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: Gazprom-ისგან ფასდაკლება მივიღეთ, ბუნებრივ აირს $185-ად ვიყიდით

კახა კალაძე
ქართული ოცნება

საქართველო რუსული ენერგოგიგანტის - Gazrpom-ის შეთავაზებას დათანხმდა, მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი აირის ტარიფის საფასურს ქვეყანა ფულადი სახით მიიღებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიყიდის.

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად", - ამბობს კალაძე.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევე ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

"მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ გაზპრომ-ექსპორტის საბოლოო წინადადება სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია. ხელშეკრულებას, რომელიც 2016 წელს იყო გაფორმებული, 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. თუმცა რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად შევძელით გაზპრომ ექსპორტისგან არსებული გარემოებების გათვალისწინებით ოპტიმალური წინადადების მიღება. მთავრობამ იმსჯელა ამ შემოთავაზებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით, მე ხაზი მინდა გავუსვა, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის

მე არ ვიცი რა არგუმენტები მოყავთ იმასთან დაკავშირებით რომ იაფად ვაძლევთ, ანუ იაფს ვახდევინებთ გატარების საფასურში. თქვენ იცით რომ საერთაშორისო პრაქტიკა არის მონეტიზირება ანუ ფულადი ანაზღაურებით გადახდა. კონკრეტულ ფასს რაც შეეხება შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენ დაახლოებით ვიღებთ იგივე შედეგს რაც ნედლეულის მირების შემთხვევაში", - ამბობს კალაძე.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.3 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები