გაზპრომთან მოლაპარაკებები

"არა გაზპრომს" - პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" 18 იანვარს აქციას გამართავს

0 კომენტარი

18 იანვარს, 20:00-ზე, მთავრობის კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია პლატფორმა დაიცავი თავისუფლება.

"საქართველოს მთავრობა გაზპრომის მოთხოვნას თანხმდება - იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს ვერ შეძლო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობის გამო, წელს დამდგარ ფაქტად გვასაღებენ. 

შეთანხმებით, რომლის ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, გაზსადენის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა ყველაზე არასანდო პარტნიორისგან ფულადი სახით მიიღებს. ეს წამგებიან მდგომარეობაში გვაყენებს - არსებული ხელშეკრულება საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელია. 

გავაგონოთ მთავრობას ჩვენი ხმა და არ მივცეთ საშუალება, დათანხმდეს საქართველოსთვის წამგებიან წინადადებას. თუ არ გინდა, შენი ქვეყანა პუტინზე იყოს დამოკიდებული, მოდი კანცელარიასთან, 18 იანვარს, 20 საათზე", - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ენერგეტიკის მინისტრის კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება. ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიყიდის.

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად", - ამბობს კალაძე.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.3 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქვეყნები, სადაც უცხოელების საკუთრებაში მეტი მიწაა, ვიდრე საქართველოში

კომენტარები