NDI-ის კვლევა

NDI: 54%-ს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკასთან ერთად, რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. 

კითხვაზე, "თქვენი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს", კვლევაში მონაწილეთა 12% პასუხობს, რომ "პროდასავლური". 54% მიიჩნევს, რომ "პროდასავლური, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან", 18%-ის აზრით, "პრორუსული, თუმცა, უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ნატოსთან და ევროკავშირთან", 9% კი ფიქრობს, რომ საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს.

ამასთან, გამოკითხულთა 53%-ის აზრით, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, ხოლო 31% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩანოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარია +/- 1.8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები