გაზპრომთან მოლაპარაკებები

ენმ-ს პარლამენტში Gazprom-თან მოლაპარაკებებზე რეზოლუციის პროექტი შეაქვს

Gazprom-ის სათავო ოფისი
newsweek.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსულ ენერგოგიგანტ გაზპრომთან მოლაპარაკებების შეჩერებას ითხოვს. პარტიამ ამისთვის რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს წარედგინება.

ენმ-ის რეზოლუციის ტექსტი:

საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს ბუნებრივი აირის მწარმოებელ უმსხვილეს რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობების შეცვლის თაობაზე, რაც გულისხმობს 2018 წლიდან ტრანზიტის საფასურის - ტრანზიტული გაზის 10%-ის ნატურით მიღების ფულადი ანაზღაურებით ჩანაცვლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:

ა. ითვალისწინებს რა საქართველოს წარსულ გამოცდილებასა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეულ ენერგოკომპანიებზე დამოკიდებულების უარყოფით შედეგებს - რეგულარულ დივერსიულ აქტებს მაგისტრალურ გაზსადენებზე, მათ შორის 2006 წლის იანვარში; რუსეთის ხელისუფლების მიერ ე.წ. ენერგო ომის პოლიტიკური მიზნებისთვის წარმოების პრაქტიკას აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსთან - უკრაინა (1992-1994 წწ., 2005-2006 წწ., 2008-2009 წწ., 2013-2015 წწ.), ბელარუსი (2004 წ., 2007 წ.), მოლდოვა (2012 წ.);

ბ. აღნიშნავს რა, რომ რუსეთის ფედერაციას დღემდე უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, მუდმივად ახორციელებს პროვოკაციულ ქმედებებს - საქართველოს მოქალაქეების გატაცება, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და სხვ.; მუდმივად და ყველა მეთოდით, განსაკუთრებით, ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისა და შანტაჟის გზით, ცდილობს საქართველოსა და რეგიონის სხვა სახელმწიფოების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას;

გ. ხაზს უსვამს რა უშუალოდ "გაზპრომის" როლს რუსეთის ხელისუფლების მიერ არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, როგორც საგარეო კურსის, ისე შიდა პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობაში;

დ. აღნიშნავს რა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარეობს გასაიდუმლოებულ ფორმატში საჯარო განხილვისა და ფართო პოლიტიკურ სპექტრსა თუ სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების გარეშე;

ე. ხაზს უსვამს რა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში განსაზღვრული პირობების შედეგად, შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს საქართველოს ტერიტორიაზე „გაზპრომის“ მიერ განხორციელებული გაზის ტრანზიტიდან საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავალი;

ადგენს:

1) აღნიშნული შეთანხმება საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასა და ინტერესებს;

2) აღნიშნული შეთანხმება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ მრავალგზის გაცხადებულ ნებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს;

3) დაუშვებელია სახელმწიფო ინტერესების საზიანო, მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური რისკების შემცველი შეთანხმების გაფორმება ისეთ არასანდო პარტნიორთან, როგორიც არის ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ მართული კომპანია „გაზპრომი“;

4) დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს აღნიშნული მოლაპარაკებების შინაარსი;

5) დადგეს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი.

კომენტარები