გიორგი ცერცვაძის დაკავება

შსს: ინტერპოლის წევრ ქვეყნებში ძებნილ პიროვნებაზე ინფორმაციის გაცვლა ვალდებულებაა

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.

ასე ეხმაურება უწყება ბრალდებას ქართველი ჯარისკაცის პერსონალური ინფორმაციის გაცემის შესახებ.

შსს-ს ცნობით, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებს შორის ინტერპოლის სპეციალური, დაცული ქსელის მეშვეობით ხორციელდება.

ტაბულას კითხვას ადასტურებენ თუ არა, რომ ინფორმაცია ცერცვაძის შესახებ თავად გადასცეს, შსს-ში არ პასუხობენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება და შესაბამისად, არ ხდება არანაირი ინფორმაციის მიმოცვლა.

"სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21–ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი პიროვნება და მოითხოვოს საქმის განხილვა. შესაბამისად, ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დანაშაულის ჩადენა, უნდა გადმოეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის", - აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციითვე, გია ცერცვაძე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ შესაბამისი პროცედურების გავლით, დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

"აღნიშნული პიროვნება რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება 2003 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის (მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, იარაღის უკანონო ტარება). ინტერპოლის მონაცემთა დამუშავების წესების მე–5 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე წარმოადგენს ვალდებულებას", - აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მესაზღვრე ვალდებულია საკონტროლო გამშვებ პუნქტზე შეამოწმოს საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, მათი ვადები, კანონიერება და რამდენად უფლებამოსილია პირი, გადაკვეთოს საზღვარი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

"შესაბამისად, თუ დოკუმენტაციაში რაიმე სახის დარღვევა არ იკვეთება, ამავე დროს, პირი არ არის ძებნილი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მესაზღვრე ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, შეუფერხებლად გაატაროს იგი", - აცხადებენ უწყებაში.

ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ გიორგი ცერცვაძის საქმესთან უწყებას შემხებლობა არ აქვს. ამის შესახებ ტაბულას უწყების პრესსამსახურმა უთხრა.

კომენტარები