გიორგი ცერცვაძის დაკავება

ნაციონალურმა მოძრაობამ ვიცეპოლკოვნიკ ცერცვაძის საქმეზე პროკურატურას მიმართა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მთავარ პროკურატურას ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროკურატურაში განცხადება გოგა ონიანმა და აკაკი მინაშვილმა შეიტანეს.

"ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს მაგალითი ღალატისა, რომელიც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ. სამწუხაროა, რომ ივანიშვილმა მაღალი თანამდებობის პირების, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების მეშვეობით დაიწყო სადამსჯელო ოპერაცია გმირების წინააღმდეგ, რომლებიც იცავდნენ საქართველოს თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას წლების განმავლობაში. ამის მაგალითია გიორგი ცერცვაძე. ის არ გააფრთხილეს იმ საფრთხის შესახებ, როდესაც საქართველოს საზღვარს ტოვებდა", - ამბობს აკაკი მინაშვილი.

ენმ-ის წევრი განმარტავს, რომ ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის დარღვევა, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

კომენტარები