გიორგი ცერცვაძის დაკავება

მთავრობა ცერცვაძეზე: უკრაინასთან ინტენსიურად ვმუშაობთ

radiotavisupleba.ge

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველო ინტენსიურად მუშაობს უკრაინულ მხარესთან, რათა არ მოხდეს დაკავებული ვიცეპოლკოვნიკის, გიორგი ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება. ამის შესახებ უწყებამ აიპრესთან ისაუბრა.

"საქართველო თავის მოქალაქეებს არ გასცემს და ეს ჩვენს კანონმდებლობაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული. პრემიერი, ბუნებრივია, სრულად იზიარებს ამ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელი გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს და შეეცადოს, მსგავსი საკითხები პოლიტიკური ინსინუაციების თემად არ აქციოს", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

ბოლო ინფორმაციით, გიორგი ცერცვაძეს სააპელაციო პროცესის დასრულებისთანავე, ხვალ გაათავისუფლებენ, მას შემდეგ, რაც შესაბამისი მტკიცებულება გადაეგზავნება უკრაინის პროკურატურას, რომ ცერცვაძე უკრაინის მხარეს იბრძოდა. დოკუმენტს უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი ამზადებს.

ვიცეპოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ამასთან, საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარია, თუ ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რატომ გაატარეს ის საქართველოს გამშვებ პუნქტზე. ხელისუფლება მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები