გიორგი ცერცვაძის დაკავება

კვირიკაშვილი: დიდი იმედი გვაქვს, გიორგი ცერცვაძეს რუსეთს არ გადასცემენ

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინაში დაკავებულ ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს რუსეთის ფედერაციას არ გადასცემენ.

"საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მით უმეტეს ქვეყანას, რომელსაც აქვს სამხედრო ბაზები განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. 2 დღეა, ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არის ყოველწუთიერ კონტაქტზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთზე", - თქვა პრემიერმა.

პრემიერმინისტრი ხელისუფლების ოპონენტებს აკრიტიკებს და წინა ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებს.

"მთავარი აქ სულ სხვა რამ არის - ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ ჩვენ მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ, რა თქმა უნდა, აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი, და უნდათ, რომ მუდმივად ჩვენ ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან, და თავს ვიმართლებდეთ, რომ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი.

ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულობით პერიოდის განმავლობაში დაზიანებაზე, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას, რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც, ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, უფრო მეტიც - რომლებმაც გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან, რომლებმაც უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს და რომლებმაც წკრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და მერე კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში", - თქვა პრემიერმა.

დაკავებულ გიორგი ცერცვაძეს, სავარაუდოდ, ხვალ გაათავისუფლებენ.

კომენტარები