სტრასბურგის სასამართლო

წულუკიანი: ბევრმა ოფიციალურმა პირმა იმუშავა, რომ ეს სია უკან დაგვბრუნებოდა

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროსაბჭოს მიერ საქართველოდან მოსამართლეობის კანდიდატების ჩაგდებას აფასებს. წულუკიანი სიის ჩაგდებას საქართველოს ბევრ მოქალაქეს და ოფიციალურ პირს, მათ შორის, ომბუდსმენს აბრალებს.

"ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ნაციონალური მოძრაობა, უფრო სწორად, მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი, ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. უბრალოდ, ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ჩასული იყო ცოტა ხნის წინ სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ ამ სიისთვის მხარი. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის დირექტორმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ ვიშიმშილებო, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ჩვენმა ძალიან ბევრმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდა", - თქვა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ მომავალი პროცედურის დასაგეგმად ევროსაბჭოსგან ოფიციალურ გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ წარდგენილი სამივე კანდიდატურა ევროსაბჭომ ჩააგდო. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.

საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ასე გამოიყურებოდა: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. 

საპარლამენტო უმცირესობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არჩეულ კანდიდატებს ნდობას არ უცხადებდნენ. 

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

კომენტარები