ე.წ. კაბელების საქმე

სამუშია: ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები 2 თვეში გათავისუფლდებიან

ლევან სამუშია
თეორემა/ტაბულა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, დაკავებულები 2 თვეში გათავისუფლდებიან. 

"დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუნებრივია, სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას და გამამართლებელი განაჩენი ვერ გამოიტანა ამ საქმეზე. დადასტურდა, რომ გაფლანგვა არ ყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები კიდევ 2 თვე იქნებიან ტყვეობაში. ჩვენ, ბუნებრივია, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი ჩვენთვის. დარწმუნებული იყავით, რომ ამ საქმეზე საბოლოოდ დადგება გამამართლებელი განაჩენი და საბოლოოდ იზეიმებს სამართალი. უზენაესი სასამართლო არის შემდეგი და თუ უმაღლეს ინსტანციაში ვერ ვიპოვეთ სამართალი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დადგება ეს განაჩენი", - თქვა სამუშიამ.

2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი.

ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავისუფალი დემოკრატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ საქმე პოლიტიკური მოტივაციითაა წარმოებული.

კომენტარები