ეკონომიკური ზრდა

2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.2% იყო, რაც ბიუჯეტით დაგეგმილ ზრდაზე ნაკლებია

ტაბულა

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.2% იყო, ეს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით განსაზღვრულ 2.7%-ზე ნაკლებია. დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ მინიმალური მაჩვენებელი 0.3% შეადგინა.

2016 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტით, 3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა უკვე წლის ბოლოს აშკარა გახდა, რომ იგი სამიზნე მაჩვენებელს ვერ მიაღწევდა, ამიტომაც ბიუჯეტში დეკემბერში შესული ცვლილებებით მოსალოდნელ ზრდად 2.7% განისაზღვრა.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყველაზე აქტიური ეკონომიკური სეზონი წლის მეორე კვარტალი იყო, ამ პერიოდში ზრდა 3%-ს შეადგენდა. წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა კი მესამე კვარტალში იყო და მან 2.2% შეადგინა.

2017 წლის ბიუჯეტით 4%-იანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი. მსოფლიო ბანკის პროგნოზი საქართველოს მთავრობის პროგნოზზე ოპტიმისტურია და ის 5.2%-ს შეადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილმა Bloomberg-თან განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის ზრდის პროგნოზი რეალისტურია და სასიხარულო იქნება, თუკი ის გამართლდა.

"მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ მგონია, რომ საკმაოდ რეალისტურია და გამიხარდება, თუ ეს პროგნოზი გამართლდება", - ამბობს მინისტრი.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა.

კომენტარები