ხანძარი ბავშვთა სამყაროში

შსს: მერიამ "ბავშვთა სამყაროს" სრული დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო

ტაბულა

სულ ცოტა ხნის წინ "ბავშვთა სამყაროს" სრული დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ტაბულა ამ დრომდე ცდილობს თბილისის მერიასთან დაკავშირებას და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

შსს-ის თქმით, ადგილზე მუშაობდნენ, როგორც სამხარაულის, ასევე, მერიის სამსახურის ექსპერტები. სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, შენობაში შესვლა სახიფათოა, სავაჭრო ცენტრის სრული დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს. 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ადგილზე შეკრებილი ათასობით დაზარალებულის პროტესტი მოჰყვა. ისინი შენობაში შესვლას და გადარჩენილი საქონლის გადარჩენას ითხოვენ.  

"ახლაც გამოვიდნენ ისევ მეხანძრეები და თქვეს, რომ საცავი დაცულია. ანუ ხანძარმა ეს საცავი არ დააზიანა," - აღნიშნა თბილისის ვიცემერმა, ლაშა აბაშიძემ.

სავაჭრო ცენტრს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობას 26 სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის კერების აღმოფხვრას. 

დაახლოებით, 6 საათისთვის, ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ხანძრის კერები სრულად იყო ლიკვიდირებული, თუმცა შენობაში შესვლა მაინც სახიფათო იყო, ცოტა ხანში კი, ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რომ შენობიდან კვამლი გამოდიოდა, რისი მიზეზიც ხანძრის რამდენიმე კერა იყო. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები