ხანძარი ბავშვთა სამყაროში

ბავშვთა სამყაროს დირექტორი: მოვაჭრეების დასახმარებლად, ბაზრობებმა ფონდი შევქმენით

ტაბულა

ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში შესვლას ცდილობენ. მათი თქმით, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები დახლებში ჰქონდათ შენახული და არა - სეიფებში. მოვაჭრეები ადგილის დათვალიერებას ითხოვენ, თუმცა, იმის გამო, რომ "ბავშვთა სამყაროში" უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, მათ შენობაში არ უშვებენ. ამის გამო, მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. 

გარდა ამისა, დახმარებას და კომპენსაციას ითხოვენ ე.წ. საბითუმო ბაზრობის მოვაჭრეები. ისინი ადმინისტრაციას და მთავრობას სთხოვენ დახმარებას და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. 

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორის გიორგი მაჭავარიანის თქმით, დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად 17 ბაზრობა გაერთიანდა. მან აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად 3 000-მდე ადამიანი დაზარალდა და მხოლოდ ბაზრობები ვერ შეძლებს მათ დაკმაყოფილებას. გიორგი მაჭავარიანი მიმართავს ხელისუფლებას და საზოგადოებას - ფონდში ფული ჩარიცხონ. 

"შევქმენით ფონდი, სადაც გავერთიანდით 17 ბაზრობა და ინტენსიური მუშაობა გვქონდა მერიასთან. ფონდის წევრებს ვთხოვე, რომ მიმართონ თავიანთ მოვაჭრეებს, რომ 50 თეთრი იქნება თუ ლარი იქნება, ჩარიცხონ. თუ ყველა გაითავისებს ამ პრობლემას, იქნებ ელემენტარული თანხა შემოვიდეს", - ამბობს "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი.

ორი დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად, "ბავშვთა სამყარო" და ე.წ. საბითუმო ბაზრობა მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩნდა და შემდეგ, "ბავშვთა სამყაროს" შენობას მოედო.

ამ დროის მონაცემებით, ხანძარს მხოლოდ ოქროს საცავში შენახული ძვირფასეულობა გადაურჩა. თბილისის მერია შენობის დემონტაჟს აპირებს. ამ დროისთვის, შენობაში კვლავ რჩება ცეცხლის მცირე კერები. ადგილზე 7 სახანძროა მობილიზებული. 

კომენტარები