ხანძარი ბავშვთა სამყაროში

გახარია: გვაქვს სურვილი, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს რაიმე ფორმით დავეხმაროთ

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, რა ფორმით დაეხმარება მთავრობა ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევებისგან თავის დასაცავად ზომებია მისაღები.

„დავიწყეთ საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია სადაზღვევო კომპანიებთან, რათა შემდგომი მსგავსი მოვლენებისგან მაქსიმალურად შევძლოთ და დავაზღვიოთ ჩვენი კომპანიების, მცირე ბიზნესის თუ ინდმეწარმეების წარმომადგენლები. დღეს განწყობა, სურვილი, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მთავრობა ამ ხალხს რაიმე ფორმით უნდა დაეხმაროს, რა თქმა უნდა, არსებობს. რა ფორმის იქნება ეს დახმარება, ამას დასჭირდება, დაახლოებით 10 დღე, 2 კვირა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

30 იანვარს, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, "ბავშვთა სამყარო" და ე.წ. საბითუმო ბაზრობა მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩნდა და შემდეგ, "ბავშვთა სამყაროს" შენობას მოედო.

ამ დროის მონაცემებით, ხანძარს მხოლოდ ოქროს საცავში შენახული ძვირფასეულობა გადაურჩა. ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილი კი, "ბავშვთა სამყაროს" შენობაში შესვლას ამ დრომდე ცდილობს. მათი თქმით, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები დახლებში ჰქონდათ შენახული და არა - სეიფებში. მოვაჭრეები ადგილის დათვალიერებას ითხოვენ, თუმცა, იმის გამო, რომ "ბავშვთა სამყაროში" უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, მათ შენობაში არ უშვებენ. ბავშვთა სამყაროს დემონტაჟი დღეს დაიწყება.

ამასთან, გუშინ ბავშვთა სამყაროს დირექტორმა განაცხადა, რომ დაზარალებულების დასახმარებლად, ბაზრობებმა სპეციალური ფონდი შექმნეს.

კომენტარები