ვიზალიბერალიზაცია

მარია გაბრიელი: მჯერა, ევროპარლამენტი პოზიტიურ სიგნალს გაუგზავნის ქართველებს

მარია გაბრიელი
ევროპარლამენტი

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ევროპარლამენტს მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც ცნობილია, დღეს ევროპული პარლამენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას უყრის კენჭს.

"გმადლობთ, კოლეგებო. დიდი გზა გამოვიარეთ დღევანდელ კენჭისყრამდე. ეს არის შედეგი, რასაც მიაღწიეს საქართველოს მოქალაქეებმა და მათი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დღეს ისტორიული დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროკავშირისთვის. ვიზალიბერალიზაციას ურთიერთობის ახალ გზაზე გადავყავართ. მოვუწოდებ კოლეგებს მხარდაჭერისკენ.

ვიზალიბერალიზაციის მიცემა ქართველებისთვის ნიშნავს ძალიან ძლიერ სიგნალს. მინდა, მადლობა გადავუხადო მოთმინებისა და ძალისხმევისთვის. საქართველო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი და რეფორმები დაასრულა. ის ამ გზით დაუახლოვდა ევროპულ ფასეულობებსა და დემოკრატიულ სტანდარტებს. საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია. ვიზალიბერალიზაცია გააღრმავებს ჩვენ შორის ურთიერთობას და ნდობას გაზრდის. უნდა დავიმახსოვროთ, რომ თუ გვინდა, საქართველო დაგვიახლოვდეს, უვიზო რეჟიმი გვჭირდება, რაც გააღრმავებს კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა ურთიერთობებს. 

მჯერა, რომ ევროპარლამენტი პოზიტიურ სიგნალს გაუგზავნის ქართველებს და ვენდობი თქვენს მხარდაჭერას", - თქვა გაბრიელმა.

12 იანვარს ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ითვალისწინებს. ცვლილებების პროექტი 2016 წლის დეკემბერში შეთანხმდა ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირს შორის.

თუ ევროპარლამენტი კენჭისყრაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარს დაუჭერს, შესაბამისი რეგულაცია ფორმალურად უნდა დამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. ამის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებას ხელი უნდა მოაწერონ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა. ამის შემდეგ ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება. 

ქართველები შენგენის ზონაში მოგზაურობას მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში შეძლებენ. ამის შემდეგ საქართველოს მოქალაეებს 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

კომენტარები