ვიზალიბერალიზაცია

როგორ ვისარგებლოთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. უვიზო რეჟიმით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები გაზაფხულიდან შეძლებენ. ვიზის გარეშე მოგზაურობა მათ ევროკავშირის 26 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანაში შეეძლებათ.

რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია?

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა საზღვრის შეუფერხებლად გადაკვეთას არ ნიშნავს. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 180 დღის განმავლობაში 90 დღის მანძილზე შეეძლებათ. ეს შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი 90 დღე, ისე მრავალჯერადი - ჯამურად 90 დღე.

ვიზიტის მიზანი

ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურისტული, საქმიანი, სამკურნალო, თუმცა არა სამუშაო.

რა დოკუმენტაციაა საჭირო მოგზაურობისთვის?

მოგზაურობისთვის აუცილებელია ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნებისას არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები. საჭიროა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად.

რომელ ქვეყნებში შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, რუმინეთი და ბულგარეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია.

სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანასთან (დიდი ბრიტანეთი და ირლანდია).

კომენტარები