რუსთავი 2-ის საქმე

პროკურატურამ რ2- ის საქმის 2 მოსამართლეზე ზეწოლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლის- ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის ზეწოლის ფაქტებზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

როგორც ტაბულას მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 2017 წლის 14 იანვარს სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 2017 წლის 14 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბ.ალავიძის და პ.ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპისათვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გადამოწმების მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას",- განუცხადეს ტაბულას მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში, კოლეგიის ფარგლებში მონაწილეობდნენ.

კომენტარები