საზოგადოებრივი მაუწყებელი

მედიის ადვოკატირებისთვის: GPB საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვას გეგმავს

კოალიციის "მედიის ადვოკატირებისთვის” ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვა და თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმება. კოალიცია მიიჩნევს, რომ გადაცემები არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები გადაწყვეტილებას არ დაასაბუთებენ. "მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, საჯარო გახადოს დაგეგმილი შეხვედრა არხის გენერალურ დირექტორთან ვასილ მაღლაფერიძესთან და სხდომის ვიდეო განათავსოს მაუწყებლის ვებგვერდზე.

"კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.

„რეალური სივრცე“ თავისი არსით არის ჭეშმარიტად საზოგადოებრივი პლატფორმა, ქართულ მედია სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული თოქ-შოუ, რომელიც სიღრმისეულად, სხვადასხვა კუთხით განიხილავს აქტუალურ და მწვავე თემებს. ამისათვის პროექტს არა ერთი პროფესიული ჯილდო და აღიარება ერგო.

კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს, თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ.

2017 წელს ქვეყანაში ტარდება თვითმმართველობის არჩვნები, მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მნიშვნელოვან პროცესებს უნდა აშუქებდეს ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში.

კოალიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროცესების ამგვარ განვითარებას და მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, საჯარო გახადოს დაგეგმილი შეხვედრა გენერალურ დირექტორთან და სხდომის ვიდეო განათავსოს მაუწყებლის ვებგვერდზე, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, გაეცნოს გენერალური დირექტორის გეგმებს" - ნათქვამია კოალიციის "მედიის ადვოკატირებისთვის" განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია და მედიის მხარდაჭერის ფონდი.

კომენტარები