ტურიზმი

2017 წელი ვიზიტორთა 19%-იანი ზრდით დაიწყო

snow.ge

2017 წლის იანვარში საქართველოს საზღვარი სულ 387 ათასმა ვიზიტორმა გადაკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 19.8%-ით მეტია. ამ 387 ათასი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 154 ათასი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 32.4%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

10 ქვეყანა, რომლიდანაც წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით:

  1. აზერბაიჯანი - 115 ათასი, ზრდა 7.1%
  2. თურქეთი - 79 ათასი, კლება 1%
  3. სომხეთი - 77.5 ათასი, ზრდა 31%
  4. რუსეთი - 62 ათასი, ზრდა 40%
  5. უკრაინა - 10 ათასი, ზრდა 28%
  6. ირანი - 8 ათასი, ზრდა 616%
  7. ინდოეთი - 2.5 ათასი, ზრდა 158%
  8. ყაზახეთი - 2.2 ათასი, ზრდა 32%
  9. ფილიპინები - 2 ათასი, ზრდა 55%
  10. აშშ - 1.8 ათასი, ზრდა 8%

2016 წლის ტურიზმის სტატისტიკა:

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2016 წლის ტურიზმის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის მანძილზე ტურიზმზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7.3% მოდიოდა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 6.6%-ზე იყო.

2016 წლის მანძილზე საქართველოში 6.35 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, მოწინავე ადგილებს რეგიონის ქვეყნები იკავებენ. 2016 წელს განსაკუთრებით მაღალი ტემპით, 485%-ით, გაიზარდა ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რაც საქართველოს მიერ სავიზო რეგულაციების გაუქმებას უკავშირდება. ასევე მაღალი ტემპით - 55% გაიზარდა ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა. ეროვნული ბანკის გათვლებით, წლის პირველ სამ კვარტალში, ტურისტებმა საქართველოში $1.68 მილიარდი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია.

ამ 6.3 მილიონი ვიზიტორიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 2.7 მილიონი უცხოეთის მოქალაქე დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის 1.7 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სატსუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 57 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასზე 14.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის რეგიონში კი 11.6 ათასი საწოლია.

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.

კომენტარები