შაჰინის სკოლა

ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლას ავტორიზაცია გაუუქმდა

შაჰინის სახელობის სკოლა
infobatumi.ge

ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. განათლების სამინისტროს ცნობით, კერძო სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების მიზეზი მონიტორინგის შედეგად გამოვნენილი დარღვერვებია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრში ამბობენ, რომ სკოლაში ბავშვების ჩარიცხვებთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევები გამოიკვეთა. კერძო სკოლის დირექცია და პედაგოგები ავტორიზაციის გაუქმებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათ სკოლაში დარღვევები არ ყოფილა. 

სკოლის დირექტორის ელგუჯა დავითიძის ინფორმაციით სკოლაში შემოწმება სამჯერ ჩატარდა, თუმცა ამ შემოწმებებს არცერთი გაფრთხილება არ მოჰყოლია.

ავტორიზაციის გაუქმების გამო მოსწავლეები სხვა სკოლებში უნდა გადანაწილდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემიზქანმა, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შეფასებისას თქვა, რომ ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

"ეს ხალხი საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით იმაგრებს, ზრდიან თაობებს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები, ერთ-ერთი შაჰინის სკოლა-ლიცეუმია. მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ნუ გაუშვებთ ბავშვებს ამ სკოლაში. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციის სკოლები დაიხუროს," - განაცხადა თემიზქანმა "ტელეარხ 25"-თან საუბრისას. 

კონსულის მაშინდელი განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეთულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით, გულენს კი, თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯიფ ტაიფ ერდოღანი, გადატრიალების მცდელობის მთავარ ავტორად ასახელებს. 

ორი დღის შემდეგ ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, რომლის ცნობითაც, თურქეთის ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები მედიაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.

კომენტარები