ივანიშვილის ხეების გადატანა

მაგისტრალზე გაჭედილი ხის გამო მომხდარი შელაპარაკებისას ენმ-ის ორი წევრი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხის გადატანის გამო გადაკეტილ მოძრაობასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების შედეგად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორი წევრი დააკავეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი და ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ კომპანია "ზიმოს" (კომპანია, რომელიც ივანიშვილის ხეების გადატანას უზრუნველყოფს) წარმომადგენლებს ცენტრალურ მაგისტრალზე ხის გადატანის გამო გადაკეტილ მოძრაობასთან დაკავშირებით, განმარტებები და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა თხოვეს, რასაც მათ შორის შელპარაკება მოჰყვა. დაკავების შესახებ ინფორმაცია ტაბულას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, ტაბულას უთხრეს რომ ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შსს-ის ინფორმაციით, მათ გზა ჰქონდათ გადაკეტილი.

დღეს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია და ავტომობილებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გზაზე მოძრაობის შეფერხება ხის გადატანის გამო ხდება. ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მაგნოლიას გადატანის პროცესი დღეს გამთენიისას დაიწყო, თუმცა თითქმის მთელი დღეა ცენტრალურ მაგისტრალზეა გაჩერებული. შესაბამისად მაგისტრალზე მოძრაობა დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას დაუდასტურეს, რომ გზა ამ დრომდე ჩაკეტილია, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ გზის ჩაკეტვის მიზეზი  სატვირთო მანქანიდან ტვირთის გადმოვარდნაა, მოძრაობის შეფერხების ხის გადატანის პროცესთან კავშირს კი არ ადასტურებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები