რუსთავი 2-ის საქმე

ნარმანია: მოსამართლის ძმას ტერიტორია და თანხა კანონმდებლობის სრული დაცვით გადაეცა

თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, რუსთავი ორის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმას ბიუჯეტიდან თანხა „კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით" ჩაერიცხა.

"რათა მესაკუთრეს ტერიტორია ნაწილობრივ ჩანაცვლებოდა და სხვაობა ფინანსური თვალსაზრისით ყოფილიყო დაფარული. კანონის სახელი, რომლის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, ის ითვალისწინებს ამას, ასე რომ რაღაცა განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არ ყოფილა"- ამბობს ნარმანია.

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი ორის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის ძმამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო. რუსთავი ორის ცნობით, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით, მოსამართლის ოჯახს თბილისის მერიამ, თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებული 5 000 კვადრატული მეტრი მიწა ხუთი დღის წინ გადაუფორმა. 129 000 ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 000 დოლარი - სხვა საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად. გარდა ამისა, მერია დამატებით 220 ათას ლარს ზვიად ნაზღაიძეს ბანკში ჩაურიცხავს. 

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატის ირაკლი აბესაძის თქმით, ნატა ნაზღაიძის ძმა ვერეს ხეობაში 2013 წლიდან მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ეს მიწის ნაკვეთი სტიქიის ზონაში მოექცა და, შესაბამისად, იქ ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალა. თუმცა, რუსთავი ორის ცნობით, "მერიამ მაინც გადაწყვიტა, რომ ნაკვეთი, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, სასწრაფო წესით, ორგანული კანონის გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით გამოისყიდოს და თან მიუთითოს, რომ ამ მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისელებისთვის".

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია კი ამბობს, რომ მილიონი მოსამართლის ოჯახს კომპენსაციის მიზნით მისცეს.

მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე რუსთავი ორთან საუბარში ამბობს, რომ "ეს ყველაფერი 2013 წლიდან დაიწყო, რატომ უკავშირებთ ჩემი დის მოსამართლეობას? სხვებმა როგორ მოაგვარეს კომპენსაციები, ჩემი და იყო მაშინაც?".

კომენტარები