საზოგადოებრივი მაუწყებელი

TI: საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შეჩერება კანონს ეწინააღმდეგება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შეჩერება კანონს ეწინააღმდეგება. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია, საკუთარ ბადეში განათავსოს საზოგადოებრივ- პოლიტიკური და შემეცნებითი გადაცემები. ასევე, "დ" პუნქტის თანახმად საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნო დებატების ტრანსლირება. გენერალური დირქტორის განცხადებებიდან კი არ ჩანს, როგორ აპირებს არხი აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებების უზრუნველყოფას, იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებია.

ორგანიზაციას საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი დაარსების დღიდან მუდმივად კრიზისულ სიტუაციაში იმყოფება. პრობლემას წარმოადგენს როგორც მისი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსები, ასევე გადაცემების დაბალი რეიტინგი. ცხადია, აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, არხი რეფორმირებას საჭიროებს, რაც დაიწყო კიდეც დაახლოებით ერთი წლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის რეფორმირების საჭიროება აშკარაა, პრინციპულად მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმები არ იყოს გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და არ იწვევდეს მაუწყებლის საქმიანობის შეფერხებას.

ზუსტად ამიტომ, არხის გენერალურ დირექტორისგან რადიკალური ცვლილებების დაანონსების პარალელურად მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებას მოესმინა პასუხები შემდეგ კონკრეტულ კითხვებზე:

კადრების ოპტიმიზაციის დროს: როგორ მოხდება პროცესის მართვა; იქნება თუ არა ამ პროცესში გამოყენებული მაუწყებლის მიერ უკვე ჩატარებული კვლევები საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით; რა მექანიზმებით იქნება უზრუნველყოფილი ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვა; არის თუ არა გათვლილი რამდენი თანამშრომელი დასჭირდება მაუწყებელს ახალი ბადის პირობებში; რა სახით მოხდება ამ პროცესში გარე ექსპერტების ჩართვა.

გადაცემების შეჩერების პერიოდში: რა პრინციპით მოხდება თავისუფალი საეთერო დროს შევსება; გავა თუ არა არხზე რეიტინგული სპორტული ტრანსლაციები; რატომ არ ხდება შედარებით რეიტინგული გადაცემების დროებით შენარჩუნება; გადაცემების შეჩერების შემთხვევაში, ჩაითვლებიან თუ არა მათზე მომუშავე ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი გათავისუფლებულად; შეასრულებს თუ არა არხი წინასაარჩევნო პერიოდში მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია საკუთარ ბადეში განათავსოს საზოგადოებრივ პოლიტიკური და შემეცნებითი გადაცემები. ასევე დ - პუნქტის თანახმად საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნო დებატების ტრანსლირება. გენერალური დირქტორის განცხადებებიდან არ ჩანს, თუ როგორ აპირებს არხი აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებების უზრუნველყოფას, იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებია.

ფინანსური ოპტიმიზაციის დროს: როგორ გადაწყდება მაუწყებლის აქტივების გამოყენება, მათ შორის მაუწყებლის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების; განხორციელდება თუ არა ახალი ნიუსრუმის პროექტი; რა ალტერნატიული პროექტები განიხილება; კონკრეტულად რა ფინანსური რესურსი სჭირდება მაუწყებელს სრული ტექნიკური გადაიარაღებისთვის; იქნება თუ არა მაუწყებლის ფინანსური ოპტიმიზაციის პერიოდი გამჭვირვალე სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის.

ახალი სამაუწყებლო ბადის შექმნის დროს: როგორ შეირჩევა გადაცემები ახალი ბადისთვის; კონკრეტულად რა შინაარსს აწარმოებს მაუწყებელი და რას დაუკვეთავს გარე სტუდიებს ან წარმოებებს; იმუშავებენ თუ არა ახალ პროექტებზე მოქმედი თანამშრომლები.

ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეფექტური და რაც მთავარია პოლიტიკურად არამოტივირებული რეფორმის ჩატარებისთვის. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შესაძლოა, შელახოს არხზე მომუშვე ჟურნალისტების შრომით უფლებები. სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს უნდა მოსთხოვოს უფრო დეტალური გეგმა და გაითვალისწინოს ის რისკები, რაც არხზე გადაცემების შეჩერებას ახლავს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

TI-ის მოსაზრებით, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მაუწყებელში თითოეული ახალი დირექტორი საქმიანობას სწორედ რეორგანიზაციის პროცესით იწყებს, რაც საბოლოოდ დაუსრულებელ რეორგანიზაციას და არასტაბილურ გარემოს ქმნის. არასტაბილური გარემო ნეგატიურად აისახება როგორც თანამშრომლეთა მოტივაციაზე, ასევე მაყურებელთა ლოიალობაზე მაუწყებლის მიმართ.

"მიუხედავად იმისა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არაერთ ანგარიშში წერდა არხზე ცვლილებების გატარების საჭიროების შესახებ, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ფორმით ბუნდოვანმა ცვლილებებმა შესაძლოა, კიდევ უფრო დააზიანოს მაუწყებელი, თუ მაუწყებლის მენეჯმენტი უახლოეს დროში საჯაროდ არ წარმოადგენს დაგეგმილი ცვლილებების პროექტსა და შესაბამის არგუმენტებს", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, არხის რეორგანიზაციის შესაძლო მოდელი წარადგინა, რის თანახმადაც არხზე კიდევ ერთი რეორგანიზაციის პროცესი იწყება, რომლის მიზანია ტექნიკური გადაიარაღება, თანამშრომელთა და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია, ახალი სამაუწყებლო ბადის შექმნა და ტელეარხისთვის ახალი შენობის შეძენა.

მაღლაფერიძის თქმით, ტელევიზიასა და რადიოზე გადის 102 გადაცემა, რომელთა ფინანსური უზრუნველყოფა მაუწყებელს ამ ეტაპზე არ შეუძლია. ამის გამო, რეორგანიზაციის პროცესში არხზე გაჩერდება ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა. ახალი გადაცემებით არხი მაუწყებლობას 2018 წლიდან განაახლებს, ხოლო სრული დატვირთვით 2019 წელს ჩაეშვება.

კომენტარები