საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომელთა ოპტიმიზაციით 15 მილიონის დაზოგვას გეგმავს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

15 მილიონი ლარი არის ის თანხა, რის დაზოგვასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი თანამშრომელთა ოპტიმიზაციის გზით გეგმავს. ამის შესახებ მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმაშია საუბარი. 

არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარდგენილი სამწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, თანამშრომლების ხელფასებზე დაზოგილი თანხა ამორტიზებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დაიხარჯება. ჯამში, მომავალი სამი წლის მანძილზე, ინფრასტრუქტურის შეძენაზე საზმაუ 45 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

გუშინ არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მეორე არხსა და პირველ რადიოზე საინფორმაციო გამოშვებების გარდა ყველა გადაცემა იხურება. 

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალური ბიუჯეტი 46.4 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს 2016 წელთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით, 2015 წელთან შედარებით კი 5 მილიონით მეტია. შედარებისთვის, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამაზე 11 მილიონით ნაკლებია და 35 მილიონს შეადგენს.

დახარჯული თანხის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დაბალია, TVMR-ის მონაცემებით, იანვრის ბოლო კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 3.3% იყო. შედარებისთვის - რუსთავი 2-ის რეიტინგი 28.9%, იმედის რეიტინგი კი 26.5% იყო.

კომენტარები