ფარული ჩანაწერები

გვარამია: მე ვარ ის მეგობარი, რომელზეც დავით საყვარელიძე საუბრობდა

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს ითხოვდა.

"მე ვარ ის მეგობარი, რომელზეც დავით საყვარელიძე საუბრობდა",- თქვა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ჩანაწერები არასრულად, ქალაქ ჟენევაში მოისმინა.

"მას ეს მასალები დღემდე ერევანში აქვს შენახული. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით. მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. მე ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს",- აღნიშნა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა.

დავით საყვარელიძის თქმით, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს სთავაზობდა რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ. საყვარელიძეს მეგობრის ვინაობა არ დაუსახელებია.

"ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომლის სახელს და გვარს არ დავასახელებ, ალბათ თვითონ იტყვის და მოყვება, დაგიდასტურებთ, რომ კონრეტულად ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მას შემდეგ, რაც განაწყენებული და გაგდებული იყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე და რეჟიმზე. რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა"- თქვა დავით საყვარელიძემ.  

კომენტარები