ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

პრემიერი: ოკუპირებულ ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარება უკანონო და მიუღებელია

Wictor Dabkowski / Zuma Wire

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს. პრემიერი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმთან და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  

"საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია პასუხობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით.

ამის დასტურია გადაწყვეტილება, ცხინვალის რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე, რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს საოკუპაციო ძალის რეალურ განზრახვას, თავის შემადგენელ ნაწილად აქციოს საქართველოს განუყოფელი რეგიონები.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკანონო და ყოვლად მიუღებელია რეფერენდუმის ჩატარება რეგიონში, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ათეულობით ათასი მკვიდრი მოსახლე და ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ.

მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს, ხელი შეუშალოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და უკანონო ანექსიის პრაქტიკის დამკვიდრებას, რაც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას", - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის შესაცვლელად ე.წ. რეფერენდუმი გაიმართება. ე.წ. რეფერენდუმი 9 აპრილს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება. ე.წ. რეფერენდუმის კითხვა ასეთია - "ეთანხმებით თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელად ალანია ერქვას?"

ე.წ. რეფერენდუმის შესახებ ინიციატივა მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის დეკემბერში გამოთქვა და ორ წელიწადში მის ჩასატარებლად ბრძანებაც გამოსცა.

კომენტარები