საქართველოს პარლამენტი

ბესელია კახიძეს: საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკა ბესელიასა და ოთარ კახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.

ბესელია ამბობს, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ახალი უწყება - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, მაქსიმალურად დამოუკიდებელი იქნება. თუმცა, მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ი, დამოუკიდებელი ვერ იქნება.

ქართული ოცნების დეპუტატმა სოფიო კილაძემ კახიძეს ჰკითხა - "თქვენ დროს როგორ იყო, მართლა მაინტერესებს?"

"ძალიან ადეკვატური კითხვაა. ჩემს წინა დროს როგორ იყო, ბატონი კობას [ნარჩემაშვილი] დროს როგორ იყო. შემდგომ განვიხილოთ, კომუნისტების დროს როგორ იყო. ჩვენ ასე უნდა ვიმსჯელოთ? ჩვენ ახლა ვმსჯელობთ, ვის დროს როგორ იყო? ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, რეალურად მიმდინარეობდა ბრძოლა რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ. თქვენ რომ პოლიტიკური პატიმრების სტატუსით გაათავისუფლეთ, ბატონო ირაკლი [სესიაშვილი], იმათ წინააღმდეგ ხდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემების გამოყენება. მაგრამ, ჩვენ დროს როგორ იყო, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება ხდება თუ არა", - თქვა კახიძემ, რაზეც ბესელიამ მიმართა - "ნუ მიედ-მოედები, ძალიან გთხოვ. პოლიტპატიმრებზე თუ დაიწყებ ლაპარაკს, მერე გავაგრძელებ ამ თემას და მერე ვნახოთ, ვინ როგორ გააგრძელებს უკეთესად".

ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ ბესელიას უთხრა, რომ ისაა გევორქიანის, ოთანაძის, შკრილნიკოვის და სხვა პატიმრების გათავისუფლების ინიციატორი, რაზეც ბესელია დაეთანხმა.

"რამდენი მეომარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამოაცხადეთ ჯაშუშად", - უთხრა ბესელიამ კახიძეს, თუმცა ევროპული საქართველოს დეპუტატმა უპასუხა, რომ "ახლა გადაეცით ცერცვაძეზე ინფორმაცია".

კახიძე: თქვენ მიკითხავთ მორალს უსაფრთხოების საკითხებზე?

ბესელია: საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ! შენც ხარ მაგ სისტემის ნაწილი. შეწყვიტე ახლა ლაპარაკი!

კახიძე: თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა კრიმინოგენული სიტუაციის დამძიმება, თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა, ოთხოზორიას რაც მოუვიდა საზღვარზე, თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ჯარისკაცების დევნას რომ ეწევა რუსეთის ფედერაცია.

ბესელია: შენ და ადეიშვილს ვინც გადაგირჩათ, ისინი გავათავისუფლეთ!

კახიძე: სკრილნიკოვი და გევორქიანი იყვნენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოდნენ, ხო?

ბესელია: თქვენი შეთითხნილი იყო ეგ საქმე!

კახიძის თქმით, განსხვავება მათ შორის სწორედ ისაა, რომ ამ ადამიანებს ქართული ოცნება პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს.

ბესელია: შენ ხარ მოძალადე და გააჩუმე ენა!

კახიძე: თქვენ ხართ ცილისმწამებელი! ეს არის თქვენი ტრეიდმარკა. ცილისწამებით გაიკეთეთ პოლიტიკური კარიერა!

ბესელია: შენს არცერთ კითხვას პასუხს არ გავცემ, იმიტომ რომ ხარ თავხედი ადამიანი. ვინ მელაპარაკება, ეს მოძალადეების თანამონაწილე!

კომენტარები